კალათბურთი

1:33 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ და ჯენინგმა ცსკა დაამარცხეს (+VIDEO)

ესპანურმა “ბასკონიამ” ევროლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ მოსკოვის ცსკა-ს 76:73 სძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიამ და მეტ ჯენინგმა კი გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო (32:09) დაეთმო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 11-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 15 ქულას, 8 მოხსნამ 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ბასკონიელთა კაპიტანმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთაგან მხოლოდ ფრანგ ვინსენ პუარეს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო ჯენინგი, რომელმაც 26:26 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მეტმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

რუსული გრანდის მხრიდან ამერიკელები ალეკ პიტერსი (20 ქულა), კორი ჰიგინსი (17) და კაილ ჰაინსი (14) გამოირჩნენ.

ამგვარად, “ბასკონიას” 4 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფში გამსვლელ მე-8 პოზიციას კი მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება.

შენგელიას და ჯენინგის გუნდს მომდევნო მატჩი 13 დეკემბერს, თელ ავივში, “მაკაბის” წინააღმდეგ ელის.

0.1404