ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფება ბათუმის მერიის დელეგაცია მერის, ლაშა კომახიძის ხელმძღვანელობით.
ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა.
ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ახდენს ევროპული ქალაქებისთვის ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსების განსაზღვრას.
ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერეს, სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ACES Europe-ის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბათუმს, ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტული კი ბუდაპეშტს მიენიჭა.
დაჯილდოების ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრნენ მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც, რომლებმაც 2020–22 წლების სპორტული პროექტების შესახებ ისაუბრეს.