კალათბურთი

21:35 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს!

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში ისრაელს ოვერტაიმში 71:69 (სრული სტატისტიკა) სძლია და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებმა მე-2 შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი სწორედ ებრაელებთან გამართეს და თელ ავივში 85:80 მოიგეს.

იმ მატჩში საქართველოს ნაკრებს მოედანზე თორნიკე შენგელია და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი ჰყავდა, რომელთაც ჯამში 37 ქულა მოაგროვეს, ამჯერად კი, სიტუაცია განსხვავებული გახლდათ.
მოგეხსენებათ, ფიბა-სა და ევროლიგას შორის კონფლიქტს ბოლო არ უჩანს, რის გამოც ეროვნულ გუნდებს საუკეთესო რაზმების შეკრება უჭირთ. ამჯერადაც, ესპანურმა “ბასკონიამ” შენგელია და ჯენინგი არ გაანთავისუფლა, რაც ჩვენებისთვის უდიდესი დანაკლისი იყო.
საინტერესოა, რომ ამ ფონზე უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდა ისრაელის ნაკრები. საქმე ის გახლდათ, რომ დავიდ-ოდედ კატაშის შეგირდები სამივე დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაში ფინალში ისე გადიოდნენ, რომ სხვების შედეგებზე დამოკიდებულნი არ იქნებოდნენ.
ისრაელის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ შანსზე ბოლომდე ჩაჭიდება გადაწყვიტა და გასაგებ მიზეზთა გამო, ევროლიგაში მოთამაშე თელ ავივის “მაკაბის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმება არ გასჭირვებია, რათა ეროვნული გუნდის კალათბურთელები გაენთავისუფლებინათ.
სწორედ მათი დიდი დახმარებით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ტალინში ესტონეთს სძლია, ებრაელებმა მცირე სენსაცია მოახდინეს და შინაურ კედლებში ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი სერბეთი დაამარცხეს.
ამ წარმატების მერე, ებრაელ კალათბურთელებს ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიო თასზე გასვლის ამბიცია გაუჩნდათ და თბილისში ჩამოსვლის დღიდან არ დაუმალავთ, რომ სპორტის სასახლეში დაგეგმილ მატჩში მათთვის სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო.
ცხადია, იმედიანად იყვნენ ქართველებიც, რომელთათვისაც შინაური კედლები, ტრადიციულად, დიდი პლიუსი გახლავთ და აკი, ერთგული ქომაგის მხარდაჭერით, კიდევ ერთი ძლიერი მოწინააღმდეგეც გაამწარეს...
ზუროსმა კვლავაც ის სასტარტო ხუთეული დააყენა, რომლითაც თამაში ტალინში დაიწყო. პირველი წუთიდან მოედანზე ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი გავიდნენ. კატაშმა ხუთეულში ტამირ ბლატი, ალექს ჩუბრევიჩი, ჯეიკ კოენი, შონ დოუსონი და იოველ ზუუსმანი შეიყვანა.
თამაში ქაოსურად დაიწყო და ანგარიში ძალიან ნელად იზრდებოდა. ხშირი იყო შეცდომები, აცილებულ ბურთებს კი ბოლო არ უჩანდა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ქართველმა კალათბურთელებმა საწყისი 11 სამქულიანიდან 1 გამოიყენეს. ებრაელებიც ბევრს სცოდავდნენ, ამდენად გასაკვირი არ ყოფილა, რომ საწყისი მეოთხედი მხოლოდ 9:11 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ათწუთეულების მიჯნაზე მოედანზე საქართველოს ნაკრების 17 წლის უკანახაზელი რატი ანდრონიკაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ესტონეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რატი ძალიან მონდომებული გახლდათ, ქომაგებისგან ოვაციებიც დაიმსახურა, თუმცა, ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა.
აი, კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს – გოგა ბითაძეს კი, ალბათ, უკვე უნდა ვუწოდოთ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. 19 წლის ქართველი ცენტრი თამაშში ამჯერადაც ძალიან დამაჯერებლად ჩაერთო, ფარქვეშ ნამდვილი ცეცხლი დაანთო და უკვე შესვენებისთვის 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება ჰქონდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ქართველი კალათბურთელებისთვის მძიმედ მიმდინარე მატჩში გარდატეხა მე-2 მეოთხედის შუაწელს მოხდა, როდესაც ლევან ფაცაციამ, გოგა ბითაძემ, თად მაკფადენმა და გიორგი ცინცაძემ მიჯრით 4 სამქულიანი ჩააგდეს და ჩვენი გუნდი 26:17 დაწინაურდა.
აღნიშნულის შემდეგ, დიდ შესვენებამდე ლიდერი აღარ შეცვლილა. საქართველომ ტაიმი 34:30 მოიგო, რაც თამაშის სტარტიდან გამომდინარე, ცუდი ნამდვილად არ იყო: მასპინძლებმა საწყის მეოთხედში 9 ქულა ჩააგდეს, მეორეში კი – 25.
მე-3 მეოთხედის საწყის წუთებში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა, შემდეგ სიტუაცია ისევ აირია. ქართველი კალათბურთელები კვლავ ქაოსურ შეტევებზე გადავიდნენ. ბურთი არ მოძრაობდა, შესაბამისად, ბევრი იყო მოუზადებელი შეტევა.
ამ დროს ებრაელთა სნაიპერებიც ამოქმედდნენ და იგივე გააკეთეს, რაც პირველ ტაიმი საქართველომ. ანგარიში 45:37 იყო, როდესაც ჯეიკ კოენმა, ტამირ გინატმა, გაი პნინიმა და ჯონ დი ბარტოლომეომ ზედიზედ 4 სამქულიანი გამოიყენეს, ჩვნგან კი მხოლოდ მიხეილ ბერიშვილმა და დუდა სანაძემ უპასუხეს და ბოლო შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავედით – 50:49.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ მე-3 მეოთხედში შონ დოუსონმა არასპორტული ფოლი მიიღო, სტუმართა თავკაცმა კი – ტექნიკური, თუმცა, საჯარიმოს ხაზიდან მაინცდამაინც ვერ ვოჩაღობდით (საერთო ჯამში 7 საჯარიმო ავაცილეთ).
დასკვნითი მეოთხედი და მოგვიანებით ოვერტაიმი ნამდვილ ნერვების წყვეტად იქცა. საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როდესაც 52:56 ჩამორჩა, თუმცა, აქ კვლავაც შორეულმა ტყორცნებმა გვიხსნა.
ჩამორჩენა მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელებულმა გოგა ბითაძემ (საბოლოო მონაგარი 18 ქულა, 7 მოხსნა) შეამცირა, შემდეგ კი, ზედიზედ 2-ჯერ ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა გვასახელა, რომელსაც მანამდე მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს თამაშის მოგების შანსი ძირითად დროშივე მიეცა, როდესაც 64:62-ზე მიჯრით 3 ტყორცნა გაგვიცუდდა, ყველაფერი კი იმით მორჩა, რომ ჯეიკ კოენმა 2 საჯარიმო ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
ამ უკანაკნელმა კინაღამ იგივე გააკეთა, როდესაც ოვერტაიმის დასრულებამდე 26 წამით ადრე 2 ტყორცნა ისევ გამოიყენა (ჯამში ცხრავე ჯარიმა ჩააგდო და თამაში 22 ქულით დაასრულა) და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა (69:69), თუმცა, საბედნიეროდ, საბერძნეთთან მატჩი აღარ განმეორდა და კიდევ ერთ მტკივნეულ მარცხს გადავურჩით.
ბოლო შეტევის წარმართვა მაკფადენს დაევალა, რომელმაც დრო მაქსიმალურად გაიყვანა, ზედ ბოლო წამზე კი ბურთი სამწამიანში გიორგი შერმადინს ჩაუგდო და მანაც გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო. ვიდეოგანმეორების შემდეგ, მსაჯებმა დაასკვნეს, რომ საფინალო სირენამდე 0.3 წამი იყო დარჩენილი, თუმცა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ დროში ებრაელებმა ვეღარაფერი მოასწრეს – 71:69.
საერთოდაც, დამატებითი ხუთწუთეული შერმოს ბენეფისად იქცა, რომელმაც ქართველთა 7 ქულიდან 6 თავის ანგარიშზე ჩაიწერა, ჯამში კი, ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და მისთვის ლამის ტრადიციული ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ამჯერადაც გაამართლა ე.წ. "ტყუპი კოშკის" ტაქტიკამ, რომელიც ზუროსმა თამამად ესტონეთში გამოსცადა და სარგებელი თბილისურ მატჩშიც ნახა. იმ მომენტში, როდესაც შერმადინი და ბითაძე მოედანზე ერთდროულად იყვნენ, საქართველოს ნაკრები აშკარად დომინირებდა. ჩვენი ცენტრები ფარქვეშ უდიდეს სამუშაოს ასრულებდნენ და ვინაიდან, სტუმრებს დაზღვევაზე თამაში ხშირად უწევდათ, სივრცეს უკანახაზელებს უნთავისუფლებდნენ.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ზუროსს არც დაუმალავს, რომ მაღლების თამაშით განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა და ამ კონტექსტში არც ბექა ბურჯანაძის გარჯა გამორჩენია. ქართველი მძიმე ფორვარდი მძიმე ტრავმის შემდეგ, ფორმაში ახლაღა დგება და თუკი ტალინში პასიური გახლდათ, ამჯერად, ნაკრებს 6 ქულა და 5 მოხსნა შეაშველა.

ამგვარად, 10 ტურის თავზე, საქართველოს ნაკრებმა 5 გამარჯვება მოაგროვა და ამით, მე-3 ადგილზე მყოფ სერბეთს გაუტოლდა. შეგახსენებთ, რომ სერბები დღესვე, თბილისის დროით 23:15 საათიდან საბერძნეთს გაეჯიბრებიან, 23:00 საათზე კი L ჯგუფის კიდევ 1 შეხვედრა (გერმანია-ესტონეთი) გახლავთ დაგეგმილი, თუმცა, მას სატურნირო თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში თამაში უკვე განაღდებული აქვთ საბერძნეთსა და გერმანიას, მთავარი ბრძოლა კი, მე-3 გამსვლელი ადგილისთვის მიდის და სასიხარულოა, რომ აღნიშნულში საქართველოს ნაკრები ჯერაც ჩართული გახლავთ.
ილიას ზუროსის შეგირდები საკვალიფიკაციო ციკლის დასკვნით ორ მატჩს უკვე გაისად ჩაატარებენ: 21 თებერვალს საქართველო საბერძნეთში ითამაშებს, ხოლო 24-ში ესტონეთთან საშინაო შეხვედრაა დაგეგმილი.

0.428895