სხვა

19:45 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სროლის საერთაშორისო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

გერმანიის ქალაქ მიუნხენის “პარკ ჰოტელში” მიმდინარეობს სროლის საერთაშორისო ფედერაციის 68-ე გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც საქართველოდან მონაწილეობენ სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ სომხიშვილი და ვიცე-პრეზიდენტები – ნინო სალუქვაძე და თამაზ იმნაიშვილი.

ასამბლეის მთავარი საკითხი ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევნებია, რაც უკვე გაიმართა კიდეც. საპრეზიდენტო არჩევნებში ძველ პრეზიდენტს, მექსიკელ ოლეგარიო ვასკეს რანას მონაწილეობა არ მიუღია, ვინც 38 წლის მანძილზე მართავდა ამ ფედერაციას.
ახალი პრეზიდენტი გახდა რუსეთის სროლის კავშირის პრეზიდენტი ვლადიმერ ლისინი, ვინც 4 ხმით აჯობა თავის კონკურენტს, იტალიელ ლუკიანო როსის – 148:144. ბიზნესმენი ლისინი აქამდე მუშაობდა ევროპის სროლის კონფედერაციასა და საერთაშორისო ფედერაციაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ლისინს გამარჯვება უკვე მიულოცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
შეიცვალა გენერალური მდივანიც და ვიცე-პრეზიდენტებიც. გენმდივნის პოსტზე გერმანელი ფრანც შრაიბერი რუსმა ალექსანდრ რატნერმა შეცვალა. არჩევნებში მან 162 ხმა მიიღო და საგრძნობლად ჩამოიტოვა თურქი მელის გირაუდი (85) და პაკისტანელი ჯავაიდ ლჰოდი (36), ხოლო უნგრელმა გეორგე ნაგიმ და სუდანელმა ჰამედ საფეელდინიმ კანდიდატურები მოხსნეს.
რატნერი თავის დროზე იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 1996 წლიდან 2017 წლამდე კი მუშაობდა რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში: 2009 წლამდე - ვიცე-პრეზიდენტად, 2009-2017 წლებში კი პრეზიდენტად. პარალელურად იყო ევროპის კჯალათბურთის კონფედერაციის გენერალური მდივანი და საერთაშორისო ფედერაციის ბიუროს წევრი. 2013 წლიდან იყო აგრეთვე ევროპის სროლის კონფედერაციის წევრი, 2014-დან კი სროლის საერთაშორისო ფედერაციის ადმინისტრაციული საბჭოშიც მუშაობდა. მას ასევე უმუშავია სოკ-შიც და 2001 წელს ოლიმპიური ორდენიც მიიღო.
ვიცე-პრეზიდენტები გახდნენ კევინ კილტი (ირლანდია), რანინდერ სინგჰი (ინდოეთი), რობერტ მიტჩელი (აშშ) და ვან უიფუ (ჩინეთი).
მიუნხენში გენერალური ასამბლეა კვლავაც გრძელდება, დღის წესრიგში კი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.120771