ფეხბურთი

14:53 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - ნოემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ბოლო ორი გამოკითხვის გამარჯვებული მიჯრით გახდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ორჯერვე დიდი უპირატესობით მოიგო. გიორგი ამჯერადაც არის ნომინანტთა შორის, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი), ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო), გიორგი ჩაკვეტაძე (სექტემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ოქტომბერი).

ახლა კი, 2018-2019 წლების სეზონის მეოთხე ნომინაციაზე და ნოემბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო მატჩები იყო, მხოლოდ სამი კანდიდატი გვყავს. იყო ცალკეული გამონათებებიც, მაგრამ მაინც სამ ფეხბურთელზე შევაჩერეთ არჩევანი. მაშ ასე, ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს „თქვენ ირჩვეთ“...

ლუკა ზარანდია („არკა“, პოლონეთი) - ზარანდიას ნოემბერი მართლაც გამორჩეული ჰქონდა. ქართველმა შემტევმა პოლონეთის ექსტრაკლასაში 3 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. ჯერ „პოგონი“ დაამწუხრა, ხოლო შემდეგ კრაკოვის „ვისლასთან“ დუბლი შეასრულა. ერთხელ პოლონური ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. საქართველოს ნაკრებში კი 2 თამაში ჩაატარა, თუმცა, ძალზე მწირი დრო გაატარა მინდორზე და ეს ამჯერად სათვალავში არც უნდა მივიღოთ.

დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა) - საქართველოს ნაკრების რიგებში ორჯერ ითამაშა. ანდორასთან შეუცვლელად, ხოლო ყაზახეთთან ბოლო წუთები. თუმცა, ჩვენ მაინც „შახტარში“ ჩატარებული მატჩებით გამოვარჩიეთ. ორჯერ უკრაინის პრემიერლიგაში გაისარჯა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე (90 წუთი „ჰოფენჰაიმთან“). გარდა ამისა, უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია) - ოქტომბრისგან განსხვავებით ნოემბერში ბელგიის იუპილერ ლიგაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამის გარეშეც გამორჩეული თამაშები ჩაატარა „გენტის“ მაისურით. თუმცა, რის გამოც ჩვენი გამოკითხვის ნომინატებში ისევ იმყოფება, საქართველოს ნაკრებია. 2 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე პასი, უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდი და „დინამო არენას“ აპლოდისმენტები“ - გიორგი ჩაკვეტაძე ნოემბერშიც შესანიშნავი იყო.

0.120265