საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-4 გამარჯვება იზეიმა. ილიას ზუროსის შეგირდებმა ტალინში გამართულ შეხვედრაში ესტონეთს შანსი არ მისცეს და საერთო ჯამში, დამაჯერებლად მოიგეს – 80:73 (22:19, 19:13, 16:17, 23:24).
ჩვენი გუნდის ბერძენმა მწვრთნელმა მოსალოდნელი სასტარტო ხუთეული დააყენა: თად მაკფადენი, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი და 4 მათგანი მაგრადაც დაიტვირთა. ერთადერთი, ვისაც თამაში არ წაუვიდა და საბოლოოდ, მწვრთნელმა მხოლოდ 06:54 წუთი დაუთმო, ბურჯანაძე იყო. ბექას ჯერაც ეტყობა, რომ მძიმე ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და სასურველ ფორმაში არაა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები სამწამიანი ზონიდან გააწამა, სადაც გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის სახით “დამრტყმელი” ტანდემი გვყავდა. ქართველმა მაღლებმა შეტევაში ხომ გაილაღეს, მეტოქეებს არაერთი ფოლი აჰკიდეს და ესტონელებს საკუთარ ფარქვეშაც არ აჭაჭანებდნენ.
საბოლოოდ, ორივე ქართველმა ცენტრმა 11-11 მოხსნა მიითვალა, შერმადინის მონაგარი 23 ქულა იყო, ბითაძემ კი 19 ქულა ჩააგდო. საინტერესოა ისიც, რომ ორივე ჩვენებურმა თამაშიდან 16-16-ჯერ შეუტია და ეს, განსაკუთრებით სასიხარულო ბითაძის მხრიდანაა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ბოლომდე გაუშინაურდა და თავის თავზე თამაშს სულ უფრო ხშირად იღებს.
ესტონელებს განსაკუთრებით მაშინ უჭირდათ, როდესაც შერმადინი და ბითაძე მოედანზე ერთდროულად იყვნენ. ზუროსს ამ სქემისთვის ადრეც მიუმართავს და გასულ თამაშში მან განსაკუთრებით გაამართლა. ბალტიისპირელები ქართული “ტყუპი კოშკის” შეჩერებას მხოლოდ ჯარიმებით ახერხებდნენ, გიორგი და გოგა აცილებულ ბურთებზეც ძალიან ყოჩაღობდნენ და შეტევაში ჯამში 10 ბურთი მოხსნეს.
გამორჩეულად ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა, რომელმაც მოედანზე სტუმართაგან ყველაზე მეტი – 35:09 წუთი გაატარა. თადი უაღრესად სარგებლიანი იყო, 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 19 ქულას 3 მოხსნა, 3 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.
მაკფადენისთვის ფეხის აწყობას გიორგი ცინცაძეც ცდილობდა და 7 ქულას 7 შედეგიანი პასიც წაამატა, მაგრამ ქართველ გამთამაშებლის გარჯას უგუნდობა დაღს ნათლად ასვამს. ცინცაძეს ბევრი წუნი ჰქონდა, თამაშიდან 8-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა და აშკარაა, რომ რეგულარულ დონეზე ასპარეზობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ბერძენმა დამრიგებელმა განაცხადში მყოფი 9 კალათბურთელი დატვირთა, რატი ანდრონიკაშვილს, ილია ლონდარიძესა და რევაზ როგავას კი მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემიათ.
კარგი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვება ეჭვქვეშ, ფაქტობრივად, არ დამდგარა. ზუროსის შეგირდები თითქმის მუდმივად 8-10 ქულით წინ იყვნენ, ბალტიისპირელებმა კი დევნას ბევრი ენერგია შეალიეს, მაგრამ კლასში სხვაობა აშკარა იყო.
როგორც აღვნიშნეთ, ტიიტ სოკის შეგირდებს საქართველოს ნაკრების ფარქვეშ შეღწევა უჭირდათ და ძირითადად, საშუალო და შორეული დისტანციიდან უტევდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვერ ბრწყინავდნენ.
ერთ-ერთი, ვინც მწვრთნელს შედარებით გაუმართლა, მისივე შვილი სტენ სოკი იყო 13 ქულით, იანარი იოესაარმა 14 ქულა ჩააგდო, სიიმ-სანდერ ვენემ – 12, რაინ ვეიდემანმა – 11, ვეტერანმა კრისტიან კანგურმა კი – 10. ეს უკანასკნელი უკვე 36 წლისაა, თუმცა, გამოცდილების ხარჯზე, ნაკრებს მაინც დიდი სარგებელი მოუტანა და აქტივში 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაც შესძინა.
დღეს, შესარჩევი ციკლის L ჯგუფში კიდევ 2 მატჩი ჩატარდა, რის შემდეგაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ჯერ ვთქვათ, რომ თელ ავივში ისრაელმა სერბეთს 83:74 სძლია, ხოლო საბერძნეთმა პატრასში გერმანია მიიღო და მე-9 ტურამდე დაუმარცხებელთა ჯახში 92:84 მოიგო.
შედეგად, ასეთი მდგომარეობა მივიღეთ: საბერძნეთსა და გერმანიას, შესაბამისად, 9 და 8 მოგება აქვთ და მათ მომავალ მსოფლიოს თასზე თამაში განაღდებული აქვთ, ჯგუფიდან გამსვლელი მე-3 ადგილის ვინაობა კი დარჩენილ სამ ტურში გაირკვევა.
ამ დროისთვის სანუკვარ პოზიციაზე 5 გამარჯვების მქონე სერბეთია, რომელსაც 4-4 მოგებით საქართველო და ისრაელი ჩამორჩებიან, ესტონეთს კი აქტივში მხოლოდ 2 წარმატებული მატჩი აქვს და ცხადია, მარაქაში ვეღარ გაერევა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება 3 დეკემბერს დაგეგმილ მატჩებს, როდესაც საქართველო თბილისში ისრაელს დაუხვდება, სერბეთი კი ბელგრადში საბერძნეთს მიიღებს. ამავე დღეს გერმანია ესტონეთს უმასპინძლებს, თუმცა, ამ თამაშის შედეგის პროგნოზირება რთული არაა.
ესტონეთი – საქართველო 73:80 (19:22, 13:19, 17:16, 24:23)
ესტონეთი: ჟოესაარი (33 წ. 14 ქ. 7 მ. 4 ჩ.), კიტსინგი (20 წ. 5 ქ.), სოკი (27 წ. 13 ქ. 4 მ. 3 პ.), ვენე (31 წ. 12 ქ. 3 პ.), კანგური (24 წ. 10 ქ. 7 მ. 3 პ.); კულამაე (17 წ. 8 ქ.), ჰერმეტი (1 წ.), პაასოია (3 წ.), ტალტსი (19 წ. 3 მ. 3 პ.), ტრეიერი (7 წ.), ვეიდემანი (19 წ. 11 ქ. 3 მ.).
მწვრთნელი: ტიიტ სოკი.
საქართველო: მაკფადენი (35 წ. 19 ქ. 3 მ. 3 პ. 5 ჩ.), სანაძე (28 წ. 7 ქ. 3 მ.), ცინცაძე (32 წ. 7 ქ. 7 პ.), ბურჯანაძე (7 წ.), შერმადინი (31 წ. 23 ქ. 11 მ.); ბერიშვილი (14 წ. 2 ქ.), ფაცაცია (12 წ. 3 ქ. 3 პ.), ბითაძე (28 წ. 19 ქ. 11 მ. 3 ჩ.), ბოქოლიშვილი (13 წ.).
მწვრთნელი: ილიას ზუროსი.