ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ რობი კინმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. Sky Sports-ის ინფორმაციით, 38 წლის კინი ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელი შტაბში, მიკ მაკარტის ასისტენტის პოსტს დაიკავებს.
კინი ბოლოს ინდოეთში, ადგილობრივ „ატლეტიკოში“ თამაშობდა, სადაც მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა.
კარიერის განმავლობაში რობის არაერთ გუნდში უთამაშია: „ვულვზი“, „ქოვენთრი სიტი“, „ინტერი“, „ლიდს იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „სელტიკი“, „ვესტ ჰემი“, ლოს ანჯელეს „გალაქსი“ და „ასტონ ვილა“.
განსაკუთრებული კვალი მან „ტოტენჰემში“ თამაშის დროს დატოვა, რომლის ღირსებას 2002-2008 და 2009-2011 წლებში იცავდა.
ირლანდიის ნაკრებში კინი 1998-2016 წლებში თამაშობდა და 146 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა.