თურქულ ქონიაში მიმდინარე 16-წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა. საწყის ორ ტურში მოგებათა კვალად, ქართველი ახალგაზრდები ბელარუსს გაეჯიბრნენ და 1:3 წააგეს.
სამწუხაროდ, პარტიები დათმეს ნიკოლოზ კაჭარავამა (2356) და შოთა ხოდაშნელმა (2018), ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389) და ლუკა ობოლაძემ (2318) კი ყაიმები დააფიქსირეს.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 4.0 ქულა შერჩა და 46 მონაწილეს შორის მერვე-მეოცე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეცხრამეტეა.
ქულათა მაქსიმუმით (6) უზბეკეთი, აშშ, ინდოეთი და ბელარუსი ლიდერობენ. მე-4 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ქართველი მოჭადრაკეები მე-4 განთესვის მქონე აზერბაიჯანს ეთამაშებიან. საქართველოს ნაკრებს მე-17 რეიტინგი გააჩნია.