ფეხბურთი

10:53 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება და მოლოდინი - მედიის თვალით დანახული საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით რომ განვლო, ვიცით. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ და ცივ გონებაზე, ახლა უფრო ადვილია დასკვნებისა და ანალიზის გაკეთება.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრები ელოდება, თუმცა 2020 წლის მარტში. იქამდე, ბევრი წყალი ჩაივლის და რა იქნება, წელიწადნახევრის შემდეგ, ახლა ამის პროგნოზირება ძალზე რთული მისიაა. მაგრამ, შეგვიძლია გავიხსენოთ განვლილი ჯგუფური ეტაპი და ვისაუბროთ, მოსაზრებები გავცვალოთ - რა, როგორ...

WORLDSPORT.GE სპორტული მედიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასება სთხოვა. დანარჩენს თავად გაეცნობით...

ბასკი სხირტლაძე ("კრისტალსპორტი") - "ვთვლი, რომ ჩვენაირი ქვეყნის ნაკრებებისთვის ძალიან საჭირო და მნიშვენელოვანი ტურნირია. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა არასერიოზულად ხვდებოდა ამხანაგური შეხვედრებს, რის გამოც უეფამ ძალიან კარგი პროექტი წამოიწყო. მოლოდინი ალბათ უდიდესია. ასე ახლოს არასდროს არ ვყოფილვართ ევროპის ჩემპიონატთან და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორი ანალიზით მჯერა, რომ ორივე თამაშის მოგება შეგვიძლია. მეტოქე? - კოსოვო არ მინდა არც სპორტული თვალსაზრისით და არც პოლიტიკური მნიშვნელობით, დანარჩენი ვნახოთ. რაც შეეხება ბელორუსიის ნაკრებს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სავსე დინამოზე მათ დავამარცხებთ. რაც მთავარია ვისწავლეთ საჭირო შეხვედრების მოგება. პირველ რიგში ვიტყვი რა მომწონს, ალბათ ერთ-ერთი მე ვარ, ვინც პირველივე დღიდან ვაისის მუშაობას დადებიდათ აფასებს და ჩემს კოლეგებთან ბევრჯერ მიკამათია ამ თემაზე. ნამდვილად სწორი არჩევანი იყო ცხადაძის გაშვება და სლოვაკი სპეციალისტის მოყვანა. ვფიქრობ, რომ მწვრთნელს რაღაც მაინც უნდა გქონდეს მოგებული კარიერაში, რომ შენი ქვეყნის ნაკრები ამხელა ხელფასითა და ამბიციით ჩაიბარო. მომწონს ის, რომ ვაისმა დაალაგა ნაკრებში მდგომარეობა და ფეხბურთელები ტრავმებს არ იგონებენ ნაკრებში არჩამოსვლის გამო, რაც ყველამ კარგად ვიცით რომ ხდებოდა. ასევე არაბიძის მაგალითიც ფაქტია, რომ მწვრთნელს აქვს ავტორიტეტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება არმოწონებას - პირველ რიგში შეცვლებს ძალიან აგვიანებს და ეს ალბათ თამაშზეც აისახება. მეჩვენება, რომ ამოჩემებული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც უაზროდ ბევრ დროს აძლევს მოედანზე და ეს რა თქმა უნდა, ცუდი თვისებაა. ხარისხს რაც შეეხება, უკეთესს ველი და დიდი იმედი მაქვს ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ ეგეც გამოსწორდება".

მაგდა კლდიაშვილი ("აიპრესი") - "ერთა ლიგის ამ ფორმატმა, თითქმის აღარაფერი დატოვა იმ ძველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან, რომელიც ალბათ, ბავშვობიდან მახსოვს. მაშინ და ალბათ, ბოლო წლამდეც, ყველა ველოდით, ვინ შეგვხვდებოდა, იხილავდა თუ არა გრანდებს ქართველი გულშემატკივარი საქართველოში. ვერ ვიტყვი, რომ აღმაფრთოვანა ამ ფორმატმა, მაგრამ ეს იყო ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ერთადერთი შანსი, მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე მოსახვედრად და მეორე მხრივ, გრანდებსა და უფრო დიდ ნაკრებებს აღარ აქვთ შანსი ადვილად მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე. მათაც ერთმანეთში უწევთ კონკურენცია. თუმცა განვიხილოთ ეს სხვა ჭრილში - პორტუგალია და იტალია ერთმანეთში თამაშისას უფრო კარგად დაინახავენ ერთმანეთის შეცდომებს და ამის გამოსასწორებლად იმუშავებენ. ჩვენ ვეთამაშებით ლატვიას, ანდორას ყაზახეთს, რეალურად ჩვენთვის ასეთ შეხვედრებს არაფერი მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ანდორასთანაც გამოჩნდა ჩვენი ნაკლოვანებები და გაჩნდა კითხვა, ცოტა უფრო მეტად ძლიერ ან ძალიან ძლიერ გუნდებთან რას ვიზამთ? ამხანაგური მატჩები აღარ იქნება მომავალ წელსო, როგორც მახსოვს ასე თქვა ვაისმა ბოლო პრესკონფერენციაზე. რომც გვქონდეს - ვისთან? თუკი ფინალურ ეტაპზე გავალთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, იქ, ამ დონის ნაკრებებთან თამაშით რა დონეს ვაჩვენებთ? აი, ჩემთვის ესაა ამ ფორმატის ყველაზე დიდი ნაკლი. რაც შეეხება მოლოდინს, ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ შესარჩევის დაწყებამდე ვერ მოვისმინე სფფ-ს ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელისგანაც დაპირება, რომ პირველ ადგილს დავიკავებდით. ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა, საბედნიეროდ, თუმცა ყველა ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ბელარუსი შეგვხვდა და ადვილი მატჩი არ გველის. ფინალურ ეტაპამდე აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს გუნდის ძირითადი ბირთვი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბევრი ტრავმიანი ფეხბურთელი გვყავდა და ვიცით უკვე, ვინ არის ჩვენი დასაყრდენი. მე არ მგონია, რომ საოცრება მოხდა ამ ჯგუფის დაძლევით, რადგან თუ გვინდა პრეტენზია გვქონდეს ფეხბურთის განვითარებაზე, ეს საკითხი არც უნდა განვიხილოთ. უპირობოდ უნდა დაგვეკავებინა პირველი ადგილი და გავსულიყავით ნახევარფინალში. ვფიქრობ, ჩვენი წარმატება მხოლოდ მაშინ შეფასდება, თუკი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ყველ ფეხბურთელს მადლობა, თუმცა განსაკუთრებულად - ჩაკვეტაძეს. მის გარეშე რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამით არ უნდა დავაკნინოთ დანარჩენი მოთამაშეები, რადგან თამაშს იგებს 11 ფეხბურთელი და არა მხოლოდ ერთი. გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი გაზაფხული მოვა".

ილია ნანობაშვილი ("ლიდერსპორტი") - "ნაკრები რომ პროგრესის გზაზეა, აშკარაა. ცაში არ დავფრინავთ და ვიცით, რომ მეტოქეები შედარებით სუსტები გვყავდა, მაგრამ ამის ფონზეც შეატყობ, რომ თამაშის ხარისხი წინა წლებთან შედარებით უკეთესია. ხშირად მესმის "ჩაკვეტაძე რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა". თუმცა "რომ"-ით საუბარი არასწორია, ჩაკვეტაძე ქართველია და რომელიმე ქვეყანას არ უჩუქებია ჩვენთვის. ყველანი ვხედავთ, რა ტალანტთან გვაქვს საქმე. მან ლამაზი შემოდგომა გვაჩუქა. გაბუქების გარეშე ვიტყვი, რომ ექვსიდან ხუთ შეხვედრაში მან შეასრულა მთავარი როლი. ამას როცა ვამბობ, სხვა ფეხბურთელების გარჯა ნამდვილად არ მინდა დავაკნინო. პირიქით, ვისურვებდი რომ სხვებიც აჰყვნენ და შეტევაში ყველა ტვირთი 19 წლის ფეხბურთელს არ დააწვეს, როგორც ეს ანდორაში მოხდა... კიდევ, უფრო მაღალი ტემპია საჭირო, თორემ ძლიერ ნაკრებთან გაჭირდება. ნახევარფინალი16 თვის მერე ტარდება და რთული სათქმელია, იმ დროს რომელი ნაკრები როგორ ტონუსში იქნება. ამიტომ მიჭირს თქმა, ბელარუსი სჯობდა, კოსოვო თუ მაკედონია. ოთხივე ნაკრებს თითქმის თანაბარი შანსი ექნება. თითქმის იმიტომ ,რომ ჩვენ და მაკედონიას შინ გვიწევს ნახევარფინალები, რაც გარკვეულ უპირატესობას იძლევა. ზოგადად, შანსებზე საუბარი და პროცენტების თვლა ზედმეტი მგონია. და რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მუშაობას, კითხვა შეიძლება ბევრი იყოს თუნდაც ფეხბურთელთა გამოძახების კუთხით. თუმცა მგონია,რომ ნაკრების წინა მწვრთნელებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია ეს კითხვები. ვაისის ნაკრებს ეტყობა გუნდურობა, სათამაშო დისციპლინა, არავინ არ ერთობა ბურთით ზედმეტად, ჩანს კომბინაციური თამაში და ეს ყველაფერი მეტყველებს მწვრთნელის სიძლიერეზე. მინუსი?აი, მაგალითად იყო მონაკვეთები, როცა მოედნის ცენტრში გაგვიჭირდა, ვერ ვაკონტროლებდით თამაშს. კიდევ, წინ ხშირად ხდება, რომ ინერტულები არიან შემტევები და ჩაკვეტაძეზე ზედმეტი დატვირთვა მოდის. კარგია,რომ ბოლო მატჩში მერებაშვილი აჰყვა და მშვენივრად ითამაშა. ოქტომბრის მატჩებში ყაზაიშვილიც კარგი იყო. საერთო ჯამში, ნაკრებს უდავოდ კარგი წელიწადი ჰქონდა. ჩანს, რომ მოედანზე არის ერთიანი გუნდი მწვრთნელის მონახაზით, მყარი დაცვით, დაუღლელი საყრდენით, ახალი ფანტაზისტათი... თუმცა თვითკმაყოფილება დაუშვებელია. მეტი და მეტი მუშაობაა საჭირო".

გალაქტიონ ესაკია ("სპორტალი") - "ერთა ლიგის ტურნირი ჩვენი დონის ევროპული ნაკრებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაძლევს საშუალებას რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდე. თუმცა არამგონია, რომ ეს ფორმატი წამყვან გუნდებს აკმაყოფილებდეთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებმა კარგად წარმოაჩინა თავი, თუმცა იდეალურადაც ჩაითვლებოდა, რომ არა ანდორასთან ფრე. რაც შეეხება სათამაშო ხარისხს, რომ გითხრათ კმაყოფილი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. დადებითი ფაქტია ის, რომ გუნდად ჩამოვყალიბდით და პასის კულტურა დავამკვიდრეთ, უარყოფითი ფაქტორია ის, რომ უპირეტესობას ვერ ვიყენებთ, მაგალითად სტანდარტული მდგომარეობები - ჩვენ არ გვაქვს დამუშავებული კომბინაციაც კი. მთავარი მეტოქე კოსოვო მგონია, ახალ შექმნილი და საკმაოდ მზარდი ნაკრებია, თუ იცი, რას უნდა ელოდო ბელარუსისგან და მაკედონიისგან, არ იცი, რას იზამს კოსოვო. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ პლეი-ოფი 2020 წელს არის და არაა გამორიცხული, რომ ფეხბურთელები კიდევ დაიმატოს. ვფიქრობ, რომ თუ ნაკრების ბირთვი ითამაშებს ფინალურ ეტაპზე, გასვლის დიდი შანსი გვაქვს, თუმცა იმ მდგომარეობაში, როცა ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი გაკლია და ამავდროულად სასტარტო შემადგენლობაში უპრაქტიკო ფეხბურთლებია, ეს მისია საკმაოდ რთული იქნება".

დავით ბაკურაძე (WORLDSPORT.GE-ს მთავარი რედაქტორი) - "თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - შედეგი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე აჩვენა, ძალიან კარგია; ოღონდ აქვე დავაზუსტოთ, რომ ეს „ძალიან კარგი“ არ ნიშნავს საუკეთესოს, განსაკუთრებულს, ბრწყინვალეს და ა. შ. „ძალიან კარგი“ ზუსტად შეესატყვისება „ჯვაროსანთა“ გამოსვლას ჯგუფის სიძლიერისა და იქ ნაჩვენები შედეგის მიხედვით, ხოლო ბრწყინვალე და განსაკუთრებული რა შემთხვევაში ეწოდებოდა, ყველამ კარგად ვიცით...

და მაინც რაა ასეთი კარგი: დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა იმდენად შეგვაჩვია წარუმატებლობებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მამების მიერ ჩვენი მსგავსი რეიტინგების მქონე ქვეყნებისთვის გაკეთებული უდიდესი საჩუქრის მიუხედავად (ერთა ლიგის ფორმატს ვგულისხმობ), ალბათ ბევრ ქომაგს შინაგანად მაინც ღრნიდა ერთი კითხვა - აქაც რომ ვერ გავიმარჯვოთ? გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, სწორედ პირველ ადგილზე გასვლას და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრი შანსის შენარჩუნებას ვგულისხმობ, თორემ, ანდორის, ლატვიისა და ყაზახეთის დონის გუნდებთან ცალკეული მოგებები რომ არაფრის მომტანია, ისედაც ვიცით (ამათთან კი არა, თავის დროზე, შესარჩევებში, ძალიან ძლიერ ბულგარეთთან და ხორვატიასთან ცალკეულმა მოგებებმა, რეალურად არაფერი მოგვცა - დიდი სიამოვნება რომ განვიცადეთ, ეგ სულ სხვა ტაშია)...

ამდენად, თუნდაც იმის განსამტკიცებლად, რასაც საკუთარი თავის რწმენას და დამაჯერებლობას ეძახიან, ჰაერივით აუცილებელი იყო სწორედ პირველ ადგილზე გასვლა, მითუმეტეს ასეთი დამაჯერებელი შედეგით და მთავარით - ჩვენი მოსაგები მატჩების მოგებით (ანუ არსებული პოტენციალის ლამის 100-პროცენტიანი რეალიზებით).

ახლა ცოტა უარყოფითზეც ვთქვათ: ერთის მხრივ, სტატისტიკური მონაცემები (6-დან 5 მოგება, 1 ფრე, ბურთები 12:2) მეტყველებს, რომ „ჯვაროსნებმა“ ჯგუფური შეხვედრები სტაბილურად ძლიერად ჩაატარეს, ანდორასთან ფრეს თუ არ ჩავთვლით (საერთოდაც, ანდორასთან ნაჩვენებ შედეგს, აუხსნელ უპასუხისმგებლობას და უცნაურობას ერთობლივად თუ მივაწერთ...). თუმცა, მეორეს მხრივ, თამაშის ხარისხით, იმავე ანდორასთან ან მანამდე, მე-2 ტურში, ლატვიასთან ჩავარდნამ, მაინც ორმაგი განცდა დაგვიტოვა - მართლა ჩვენ მოვძლიერდით თუ ეს წარმატება მეტწილად მაინც მეტოქეთა სისუსტემ განაპირობა?..

ეს კითხვა განსაკუთრებულ აქტუალობას სწორედ ახლა იძენს, რადგან წინ, ზემოაღნიშნულ სამეულთან შედარებით გაცილებით სერიოზული მეტოქე გველის ბელარუსის სახით. ბელარუსი, მოგეხსენებათ, საფეხბურთო ტრადიციებით, სათამაშო დისციპლინით, ფიზიკური მომზადებით, ტაქტიკური განსწავლულობით და ცალკეულ ფეხბურთელთა ტექნიკური მონაცემებით გაცილებით მაღლა დგას ანდორაზე, ლატვიასა თუ ყაზახეთზე და შესაბამისად, „ჯვაროსანთა“ ჩავარდნების შედეგად, ანდორასავით და ყაზახეთივით ერთხელ კი არ გვიჩხვლეტს, სერიოზულად გაგვამწარებს. ამიტომაც უფრო გვაფიქრებს - არცთუ ცოტა წუნის პატრონი ვაისის გუნდი შეძლებს თუ არა საჭირო მომენტში, უფრო ძლიერ გუნდთან მობილიზებას და ბოლო წუთამდე მოდუნების გარეშე თამაშს (გაიხსენეთ, ყაზახეთთან ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი - რა იოლად მიაღებინეს და დაამუშავებინეს ბურთი ქართველმა მცველებმა მეკარის საჯარიმოსთან ორ-სამ მეტრში მდგარ მეტოქეს)...

დრო თამაშის გასაუმჯობესებლად ვაისსა და მის გუნდს (ისევე როგორც მეტოქეს) საკმარისად აქვთ - ბელარუსთან ჯახი 2020 წლის მარტში გაიმართება და თანაც თბილისში, რაც არცთუ უმნიშვნელო უპირატესობას გვაძლევს. ისიც ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის ტრავმიანობისა და ფორმაში არყოფნის მიუხედავად, გუნდის დალაგების (შეთამაშების, ფეხბურთელთა სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებზე მორგების) პროცესს ვაისი არცთუ ურიგოდ წარმართავს. ამ, მეტნაკლებად დალაგებულ გუნდში მშვენივრად ჩაჯდა ქართველ ქომაგთაამ დროისთვის უმთავრესი იმედი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც პრაქტიკულად მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავს მეტოქეები - მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ დრიბლინგით, პასით თუ კარში დარტყმით, ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის გამწვავება და ხშირ შემთხვევაში, მისი ბედის გადაწყვეტაც.

რაღა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება 2020-ის მარტისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ფიგურების ფორმაში ყოფნა, როგორებიც კაშია, კვირკველია, კანკავა, ყაზაიშვილი და ბელარუსისთვის განსაკუთრებულად საშიში ოქრიაშვილი არიან („ოქრის“ ცნობილი გოლი, როდესაც ერთი მოძრაობით სამი ბელარუსი მცველი ჩამოიშორა, დაუვიწყართა კატეგორიას მიეკუთვნება).

აბა წარმოვიდგინოთ, ფორმაში მყოფი ოქრიაშვილი და ჩაკვეტაძე ერთად - ამხელა ტექნიკური რესურსის მქონე ორმა ფეხბურთელმა, რომელთაც ლამის ნებისმიერი სირთულის დარტყმის განხორციელება და რამდენიმე ფეხბურთელის მარტივად მოტყუება შეუძლია, ერთმანეთს რამდენჯერმე რომ გაუცვალოს შეტევაში პოზიცია, მარტო ეგ დაახვევს თავბრუს ბელარუსებს...

რა თქმა უნდა, არც მეტოქის შეტევითი პოტენციალი უნდა დავივიწყოთ: თუკი „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგაზე ბურთების ბალანსი 12:2 დასვეს, ამ მხრივ ბელარუსებმა არანაკლები შედეგი აჩვენეს - 10:0. და ვერც იმას ვიტყოდი, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერ ჯგუფში ვიყავით - მართალია, მსოფლიო რეიტინგში ბელარუსის მეტოქეთაგან მოლდოვა (171-ე) და სან მარინო (209-ე) სუსტად გამოიყურებიან, მაგრამ ლუქსემბურგი (84-ე) ქართველთა ყოფილ მეტოქეებს (ყაზახეთი (117-ე), ლატვია (132-ე) და ანდორა (133-ე), კარგა გვარიანად უსწრებს, ხოლო მოლდოვა როგორ მწარედ იკბინება, „ჯვაროსნებსაც“ არაერთხელ აქვთ განცდილი...

მოკლედ, ბელარუსთან სერიოზული დაპირისპირება გველის, მაგრამ მათთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში დარწმუნებულივარ (თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი სერიოზული დანაკლისის გარეშე შეხვდება ამ მატჩს). აი, ამ შეხვედრას რომ მოვიგებთ, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებზე მერე ვისაუბროთ..."

გოგა წურწუმია ("სპორტ 24") - "საქართველოს ნაკრების გამოსვლას ერთა ლიგაზე შედეგიდან გამომდინარე დადებითად ვაფასებ. არის პრობლემები, რომელიც აშკარად ჩანს და რომ არა გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვერც გავმხდარიყავით. ვფიქრობ, რომ თავდასხმაში არსებული პრობლემა სასწრაფოდ, როგორმე უნდა გადაიჭრას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის 100%-იანი შანსი გვექნება. საქართველოს ნაკრების სათამაშო ხარისხი საგრძნობლად გაზრდილია. ალბათ, უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს ლუკა ზარანდია, რომ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც დაამტკიცოს. მთლიანობაში, 2020 წელი საკმაოდ შორსაა და ახლა ძნელია საუბარი, რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შეტევაში არსებული ხარვეზის მოგვარების შემთხვევაში საქართველო ყველა მეტოქესთან ფავორიტი იქნება".

მიშა ჟორჟოლიანი ("ახალი თაობა") - "მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყო მეტოქე. საქართველოს ნაკრებმა შედეგი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეფასება დადებითია. ეს მოსაწონია. ასევე მოსაწონია, რომ შედეგთან ერთად მოიმატა ხარიხსმაც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია, რადგან ხარისხის მატებამ ფეხბურთელებს მეტი თვითდაჯერება უნდა შემატოს მოედანზე ნებისმიერ გუნდთან. თუმცა, იყო ხარვეზები და არამარტო ანდორაში, რომელიც ნაკრების ყველაზე სუსტი თამაში გამოდგა ერთა ლიგაზე. ხარვეზები იყო, როგორც ფეხბურთელების შესრულებაში, ასევე სამწვრთნელო გადაწყვეტილებებშიც. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება მეტოქედ, რადგან ოთხივე გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარია. რომელიმე გუნდს აშკარა ფავორიტად ვერ დავასახელებდი. ჩვენი უპირატესობაა სწორედ ჯგუფში ნათამაშები ხარისხიანი ფეხბურთი, რომელმაც მასპინძლის სტატუსი მოგვცა პლეი-ოფის ნახევარფინალში. ეს სერიოზულ შანსს გვაძლევს. ამ გუნდებში მოედნის უპირატესობა მნიშვნელოვანი ფაქტორია".

თამარ ჯიშკარიანი (TSFF.GE) - "უეფა-ს ეს ახალი ტურნირი არის იდეალური შანსი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ხშირად არ უმართლებდათ კიდეც, რომ თავისი ტოლი ნაკრებებიდან დაეწყოთ „ურთიერთობის გარკვევა“. ეს ტურნირი, არის იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ გუნდი, უკეთესად შეთამაშდეს და იმას გარდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი გზით მოხვედრის შანსიც არის გაზრდილი, რეალურად გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსაც უფრო მომზადებული შეხვდება. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, ევროპის შესარჩევზე ჩვენ ვიქნებით გუნდი, რომელმაც ვიგრძენით გამარჯვებულის მუხტი და ეს წესით, დიდად უნდა წაადგეს ნაკრებს მომდევნო თამაშებში, რომელიც 2020 წლის „ორი ნაბიჯის ოცნებას“ უსწრებს. ბუნებრივია, როდესაც უეფა-ს ახალი ტურნირის ლიგები გაირკვა, ცოტა გულდასაწყვეტი იყო, ჩვენი ნაკრების ყველაზე დაბალ ლიგაში ხილვა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე მარტივი გზაა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად და პრაქტიკის დასაგროვებლად. თუმცა, ახლა, ამ კუთხით დარჩენილია 2 უმნიშვნელოვანესი თამაში, ორი ნაბიჯია გადასადგმელი. მთაში მოსიარულეები დამეთანხმებიან, მწვერვალის მისადგომებთან, როგორი ძნელია ხოლმე ბოლო ნაბიჯების გადადგმა. ძნელია, რადგან იცი, რომ მიზანთან ახლოს ხარ და ებრძვი საკუთარ ემოციას, დაღლას. თუმცა, ასევე იქნება ჩვენი მეტოქეც. თანამედროვე ფეხბურთი, თითქმის არაპროგნოზირებადია და 2020-ში ამ ორი თამაშის დროს რა იქნება, დღეს მიჭირს საუბარი. ეს რომ ყოფილიყო თუნდაც 2 თვეში, დარწმუნებით ვიტყოდი, რომ ჩვენ ევროპაზე ვართ. ამიტომ, 2020-ში, მთავარი მეტოქეც, შესაბამისად იქნება საკუთარი ეგო, რომელიც სწორად უნდა ვმართოთ. რატომღაც მჯერა, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ქართული მედიისგან ხშირად, მისი ექსპერიმენტების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ხვდება, ნაკრების ყოველდღიურ დინებას სწორ კალაპოტში მართავს. ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ვაისმა გვითხრა, რომ 40-მდე ქართველ ფეხბურთელს აკვირდება და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ 32, მხოლოდ ერთა ლიგის ჯგუფური თამაშების (სამწვრთნელო პროცესის) დროს გამოსცადა. ფაქტია, რომ საქრათველოში რეალურად გაჩნდა სანაკრებო-კონკურენციის პრეცედენტი და ის, რაც კრიტიკის საგანი ხდება, უთამაშებელი ფეხბურთელები - ვაისის ნდობას იმასხურებენ და ამართლებენ კიდევაც. ასე თუ ისე, ჩვენმა სამწვრთნელომ იცის შესაბამისად, თუ ვინ სად, როგორ და რა მომენტში გამოიყენოს. დაუგეგმავი მომენტებისგან არ ვართ დაზღვეული და ეს ქვილითაიას, ოქრიაშვილის, კიტეიშვილის, ნავალოვსკის მომენტებიდანაც კარგად დავინახეთ. დანარჩენ ტრავმირებულებზე აღარ დავკონკრეტდები. ერთია, რომ ყველა ისინი, გუნდს ჰაერივით სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრების თამაშები და შესაბამისად, მთელი თაობები მახსოვს, იმასაც თუ გავთვლით, რომ ფეხბურთი ვითარდება, იცვლება სისწრაფეები, მიდგომები და ამას ყველაფერს ბოლო წლებს გამოვაკლებთ, მივიღებთ სურათს, სადაც ვაისის ხელში, ნაკრებმა ახლებურად დაიწყო ფიქრი. არის ერთიანობა, გუნდურობა და განწყობა. ელემენტარულად ბიჭებმა ჰიმნის შესრულება დაიწყეს, არ „უტყდებათ“ და ესეც უკვე დიდი მოტივატორია. სპეციალურად, არ შევჩერდები არც ერთ ფეხბურთელზე სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა, დამეთანხმეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა დარჩენილი „გამოსასწორებლის“ გარდა და ასეთი არასდროს დაილევა, ნაკრების თამაშის ხარისხი უმჯობსდება. უბრალოდ ჩასაფრებულად დაუნახავი უნდა იყო, რომ ეს არ შენიშნო. რა არ მომწონს? ალბათ, ის რაც, არ მომწონს, არ მოსწონს ვაისსაც და მის სამწვრთნელო შტაბსაც, ამიტომ არ ვიცი რა და როგორ იქნება მომავალში, მაგრამ უბრალოდ, წარმატება და იღბალი მინდა ვუსურვო საქრათველოს ნაკრებს, რომელმაც გულშემატკივარი სტადიონზე მოაბრუნა".

ნოდარ მაისურაძე (საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო) - "უეფას ერთა ლიგა - საინტერესო, მაგრამ ცოტა გაუგებარი ტურნირია. ერთის მხრივ, კარგია, როდესაც მესამე-მეოთხე ეშელონის ნაკრებებს უჩნდებათ რეალური შესაძლებლობა, ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე. მეორეს მხრივ - არ მომწონს დროში გაწელილი ტურნირი. ნახევარფინალები და ფინალი ჯგუფური ეტაპიდან 1 თვეში რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ახლა კი, საქართველოს შემთხვევაში 2020 წლამდე მოგვიწევს ლოდინი. რთული სათქმელია, რა მდგომარეობაში იქნება იმ დროისთვის გუნდი. რაც შეეხება მოლოდინს, ჩემი აზრით, ეს ტურნირი დიდხანს არ იარსებებს. ახლავე ნათელი იყო, რომ ბევრი ნაკრები მას განიხილავს, როგორც შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელ პერიოდს, მაგალითად იტალია, გერმანია და ხორვატია. არ ვფიქრობ, რომ ერთა ლიგა გაიმეორებს ინტერტოტოს თასის ბედს, თუმცა ცვლილებები აუცილებლად იქნება.

როგორც აღვნიშნე, ევრო 2020-ის საგზური ახლა რომ თამაშდებოდეს, საქართველოს ნაკრები ფინალურ სტადიამდე მივიდოდა. თუმცა, როცა ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფამდე ამდენი დროა (ფაქტიურად წელიწადნახევარი) – რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ მომენტში ვაისმა შეძლო გუნდის საუკეთესო ფორმაში მოყვანა. ნაკრებს ყველაფერი გამოსდიოდა შესანიშნავად. თუმცა შესაძლოა 2020 წლისთვის სხვა გუნდი იყოს ფორმის ზენიტში. თუ ვისაუბრებთ მთავარ კონკურენტზე, ჩემი აზრით, ეს არის მაკედონია. ამ ნაკრებს ძალიან ბალანსირებული შემადგენლობა ჰყავს (D დივიზიონისთვის, ცხადია). ფეხბურთელები თამაშობენ საშუალო დონის ევროპულ კლუბებში. ვფიქრობ, რომ სწორედ მაკედონიასთან მოუწევთ ქართველებს ბრძოლა, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშს, შემიძლია ვთქვა, რომ 6 მატჩში გუნდმა ითამაშა ფაქტობრივად იდეალურად. მთელი ჯგუფური ეტაპის პერიოდში იყო იერიშის პრობლემა, თუმცა ძალიან კარგად ითამაშა ნახევარდაცვამ. მათ ჰქონდათ ორმაგი დატვირთვა: როგორც მომენტების შექმნა, ასევე რეალიზება. არ მინდა ვინმე გამოვყო, თუმცა ვაისი მართალია, ექვსივე მატჩმა ჩაკვეტაძის მხრებზე გადაიარა. შესანიშნავ ფორმაშია დაცვის ხაზი: კაშია, კვერკველია, კაკაბაძე და ნავალოვსკი, რომლებსაც შეცდომა თითქმის არ დაუშვიათ. ცხადია, უმჯობესი იქნებოდა საერთოდ არ დაგვეშვა შეცდომები, მაგრამ ეს ფეხბურთია. ცალკე უნდა გამოვყოთ კანკავა, რომელიც გუნდის ძალა და სულისჩამდგმელია. ვაისი ამ შემთხვევაშიც მართალია, კანკავას გარეშე საქართველოს ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. სასიამოვნოა, რომ ჯაბამ შეძლო 2 გოლის გატანა. იშვიათად გააქვს გოლი, მაგრამ გააქვს ლამაზად.

რაც შეეხება მინუსებს, ჩემი აზრით უნდა გამოვყოთ ორი საკითხი: პირველი - ფეხბურთელების ჯერ კიდევ არასაკმარისი ფიზიკური მომზადება აქვთ. მართალია, საქართველოს ნაკრები აღარ არის ,,ერთი ტაიმის მოთამაშე“, თუმცა როცა მეტოქე იქნება ანდორაზე, ყაზახეთსა და ლატვიაზე ძლიერი გუნდი (პატივისცემის მიუხედავად), საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა ვერ გაუძლოს ტემპს. მეორე პრობლემაა მეკარე. გასაგებია, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა (რომელიც თითქმის ნახევარ წელიწადზე მეტია გრძელდება), ლორია ვაისისთვის ნომერ პირველად რჩება. ეჭვგარეშეა, რომ ლორია მაღალი დონის პროფესიონალია, თუმცა მისი ზოგიერთი შეცდომა დამაფიქრებელია. კიდევ გავიმეორებ,უფრო ძლიერი მეტოქე ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები, პირველად დიდი ხნის მანძილზე, წარმოჩნდა ერთიან, შეკრულ კოლექტივად, რომელთა თამაშის ყურება სასიამოვნო იყო".

ვაკო ყიფიანი ("სილქსპორტი") - "უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სიამოვნება მივიღე ამ მატჩებისგან. საშინაო მატჩების დროს მედია ლოჟაში არ ვყოფილვარ, ტრიბუნაზე მეგობრებთან ერთად ვიჯექი, რადგანაც ძალიან მსურდა, რომ მეც ბოლომდე დავხარჯულიყავი. მეყვირა, მემღერა, ბოლომდე მეგულშემატკივრა. მეტოქეები სუსტები იყვნენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. 95 პროცენტით მჯერა. ბელორუსი რთული მეტოქეა, ჯგუფში გოლი არ გაუშვია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ლიდერების გარეშე გვიწევდა თამაში: ჯანო, ოქრი, მჭედლიძე. ამ ფეხბურთელებთან ერთად ნაკრები კიდევ უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობს. ფინალში მგონია, რომ უფრო საშიში მაკედონიაა, ვიდრე კოსოვო.

თუმცა მჯერა, რომ ისე კარგად დავიწყეთ ყველაფერი, აუცილებლად უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს იქნება დიდი ზეიმი. ყაზახეთთან გასვლაზე მოგების შემდეგ, ლატვიასთან "დინამო არენა" თითქმის გაივსო. ამ მუხტით უნდა გავაგრძელოთ სვლა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიც დაიდება. ჩაკვეტაძე კი ხანდახან ჩემი ახდენილი ოცნება მგონია, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთ ასაკში ქვეყნის გმირი. უმაგრესი შეგრძნებაა, როდესაც მინდორს ტოვებ და 55 ათასი ადამიანი შენს სახელს სკანდირებს. მეც მინდოდა დიდი ფეხბურთის თამაში, ახლა კი ვუყურებ გიოს მატჩებს და მსიამოვნებს, რომ ასე თამაშობს. ვისურვებდი, რომ მალე ისეთ ჩემპიონატში გადავიდეს, სადაც მისი თამაშის წაყვანის შესაძლებლობა მომეცემა".

ოთარ მაღლაკელიძე (რადიო "თავისუფლება") - "სასიხარულოა, რომ ნაკრებმა უსუსური თამაშის და წარუმატებლობების გრძელი პერიოდი უკან მოიტოვა და გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა. ქართული ფეხბურთი საქილიკო თემა მხოლოდ ევროპის საკლუბო ტურნირებისას ხდება ხოლმე. ნაკრების დაცინვა კი ლოგიკაში ვეღარ ჯდება და ეს უკვე საამაყო ამბავია.

მერე რა, რომ უეფას ყველაზე დაბალი რანგის ნაკრებებს ვაჯობეთ. მთავარია, რომ მოგების გემო გავიხსენეთ და შესაბამისად, ამბიციაც გაგვიჩნდა, უფრო მაღალი კალიბრის გუნდებსაც ვაჯობოთ. ჩვენი გუნდის გრანდებთან ტოლ-სწორად ბრძოლის იმედი ნაკლებად მაქვს. ვერც ევროპის ჩემპიონატის ჯერ არდაწყებულ ტრადიციულ შესარჩევ ციკლს ვუყურებ ოპტიმისტურად (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კენჭისყრაც არ ჩატარებულა) და ამიტომ, უეფას ერთა ლიგა მგონია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთადერთი შანსი. უეფას ამ საჩუქრით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ.

2020 წლამდე დიდი დროა და იმედია გადამწყვეტ შეხვედრებამდე კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს ნაკრები. თუმცა ჩემი აზრით, D ლიგის საუკეთესო ოთხეულში პირველი ადგილის დაკავება დღევანდელი გუნდითაც შეგვიძლია".

საბა საპანაძე ("აჭარასპორტი") - "2020 წლამდე დიდი დროა, რთულია მანამდე იმაზე ზუსტად ვისაუბროთ, იმ პერიოდში რა მოხდება, თუმცა ალბათ, როგორც ყველა ქართველს, მეც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მოლოდინი მაქვს. მთავარ მეტოქედ მაკედონიას ვთვლი, რომელსაც საკმაოდ "ეშმაკური" გუნდი ჰყავს, გამოცდილი მოთამაშეებით. ნაკრების თამაშის ხარისხში ის მომწონს, რომ გუნდმა ბურთთან ურთიერთობა ისწავლა, კომბინაციური ფეხბურთი ისწავლა, დაკარგული ბურთის კოლექტიურად დაბრუნება ვისწავლეთ და ვაისი ბიჭებისგან ყოველთვის პრესინგით თამაშს ითხოვს. არ მომწონს დაგვიანებული ცვლილებები, რომელთაც შეუძლიათ მატჩში გარდატეხის შემოტანა. ასევე, არ მომწონს, რომ შექმნილი მომენტების რეალიზების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ რა უნდა ვთქვათ, ეროვნული გუნდის წამყვანი 2 თავდამსხმელი ტრავმირებულია და ძნელია. ამას გარდა, არ მომწონს ის, ძალიან სუსტები ვართ სტანდარტულები მდგომარეობის შესრულებისას. დღეს ფეხბურთში საჯარიმო დარტყმიდან, საჯარიმო ჩაწოდებიდან და კუთხურიდან უამრავი გოლი გადის. უპირველესად, ჯარიმის დამრტყმელიც არ გვყავს და ამას ისიც ემატება, რომ ორი მცველი – გურამ კაშია და სოლომონ კვერკველია, რომლებიც თავზე შესანიშნავად თამაშობენ, კუთხურიდან გოლს საერთოდ ვერ იტანენ და მათ გარდა, კიდევ ვერავინ. არადა, დღევანდელ ფეხბურთში სტანდარტული მდგომარეობის კარგ გამოყენებას უდიდესი როლი უკავია".

0.113001