როდესაც “ნაგიჟარ” ფეხბურთელებზე საუბრობენ, ზოგი პოლ გასქოინს იხსენებს, ზოგი ერიკ კანტონაზე, თონი ადამსზე, ან თუნდაც დიეგო მარადონაზე საუბრობს. მე კი რატომღაც ერთი შავტუხა, ფეხებმოღრეცილი კაცი მახსენდება, რომელსაც სადაც კი თამაშობდა, გულშემატკივრები თითქმის ყველგან აგინებდნენ და მისი არცთუ ცუდი თამაში დღეს ფაქტობრივად ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს.
მის მიმართ სიმპათიით არასოდეს ყოფილან გამსჭვალულნი კლუბების ხელმძღვანელები და მწვრთნელები და ამიტომაც იყო, რომ ბრაზილიელი ედმუნდო ერთსა და იმავე გუნდში დიდხანს არასოდეს რჩებოდა. “ნაპოლიში” ასპარეზობისას “მხეცმა” კლუბის მენეჯერს აგინა, “ფიორენტინაში” გამოსვლის დროს, გაბრიელ ბატისტუტადამტვრეული გუნდი მოულოდნელად მიატოვა და რიოს კარნავალზე დროის გასატარებლად გაემგზავრა. არადა, იმ სეზონში “ვიოლა”, იტალიის ჩემპიონატის მეორე წრის დასაწყისისისათვის მისთვის უჩვეულო – I ადგილზე იმყოფებოდა და “ბატი-გოლის” ტრამვის და “მხეცის” ღალატის შემდეგ, ნახევარი წრე ფაქტობრივად თავდამსხმელის გარეშე ჩაატარა. (ფლორენციელთაგან კრულვის ქარიშხალი ედმუნდოს მაშინ დაატყდა თუ დაატყდა) ედმუნდო როცა “კრუზეიროში” ირიცხებოდა, ლამის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი შემოელახა, “ვასკუ და გამაში” ასპარეზობისას მწვრთნელი ხელიდან გაჭირვებით გამოგლიჯეს.
“მხეცი” არც მოედანზე იკავებდა თავს მუშტების ქნევისაგან. როცა იგი “კორინტიანსის” ღირსებას იცავდა, შუა მატჩისას “პალმეირასის” მცველი სასტიკად სცემა. “ფლამენგოს” შემადგენლობაში ასპარეზობისას კი რატომღაც ფოტოკორესპონდენტი თვალში არ მოუვიდა და ფოტოაპარატი თავზე დააფშვნა.
ამგვარი ისტორიები მრავლადაა, რომელთა გამო ბრაზილიელები ედმუნდოს გამუდმებით აკრიტიკებენ და თან სწუხან, რომ ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა უდიდესი ტალანტის სრულად წარმოჩენა მყრალი ხასიათისა და გიჟური ბუნების გამო ვერ შესძლო.
თავისი ცხოვრების მანძილზე, ნაგიჟარი ბრაზილიელი ფეხბურთელი არაერთ სკანდალსა და უსიამოვნო სიტუაციაში გახვეულა. ბოლო დროს მის თავსდატეხილ უბედურებებს კიდევ ერთი, ოჯახური დაემატა. მისმა მეუღლემ, ადრიანამ აგრესიული მოპყრობის ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს ქმარს სახლში მისვლა აეკრძალოს, რომელშიც ისინი დაქორწინების შემდეგ ერთად ცხოვრობდნ ენ.
მტკიცებულებებად ადრიანამ ოჯახური კონფლიქტის შედეგად მის სხეულზე წარმოშობილი დაჟეჟილობები წარმოადგინა. უკანასკნელი კონფლიქტის მიზეზი ღამით სახლში ედმუნდოს არმისვლა გახდა. როცა განთქმული ფეხბურთელი დილით მეუღლეს სახლში გამოეცხადა, შინა “პროკურორმა” მას ნამდვილი დაკითხვა მოუწყო, თუ სად დაეთრეოდა მთელი ღამის განმავლობაში.
ცხელსისხლიან ბრაზილიელებს შორის თავისუფალი ყოფა-ქცევა, ანცობა და მუშტთაკვეთება იშვიათობა სულაც არ არის, თუმცა ედმუნდო მაინც სხვა იყო. უბრალო “მოკვდავთ” თვალებითაც კი აგრძნობინებდა, ვისათან ჰქონდათ საქმე.
მრავალგზის ნაგვემი ადრიანა პირველი ადამიანი როდია, რომელმაც ედმუნდოს მუშტს გემო გაუგო. `მხეცს” არაერთი ფეხბურთელი, ჟურნალისტი თუ უბრალო მოკვდავი უცემია. რას ვიზამთ, ფორვარდს ანგელოზის ხასიათი ისედაც არ გამოარჩევდა, მაგრამ როცა დალევდა, სულ იმაზე ფიქრობდა, ნეტავ ვინმესთვის კბილებში მახეთქინაო. ხელადის მოყუდება კი ედმუნდოს თითქმის ისევე უყვარს, როგორც ქალები და მუშტიც ერთობ მაგარი აქვს. ამიტომაც დღესაც კი, ძალიან ხშირად, ბარებში გაჩაღებული მუშტი-კრივის მთავარი მოქმედი გმირი ედმუნდოა ხოლმე.
ეს არის კაცი, რომელსაც არასოდეს შეიყვარებენ და თუ საქმე-საქმეზე მიდგება, მორალისტები მუდამ შეეცდებიან მისი სახელი დაივიწყონ. თითქოს არც არასოდეს ყოფილა. და ამ ყველაფერის მიუხედავად, ჩემს გარდა, ალბათ კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც ეს კაცი არასოდეს დაავიწყდება.