ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელარუსის ეროვნული გუნდისა და ბორისოვოს ბატე-ს 37 წლის ნახევარმცველმა, ალეკსანდრ ჰლებმა, ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, სოლიგორსკის „შახტიორთან,“ კარიერაში 710-ე მატჩი ჩაატარა და „ალეინიკოვის კლუბს“ სათავეში მოექცა. ამ კლუბში ის ბელარუსი ფეხბურთელები შედიან, რომლებსაც 500 და მეტი შეხვედრა ჩაუტარებიათ კარიერაში.
ჰლებმა ერთი მატჩით გაუსწრო ალეკსანდრ იურევიჩს, რომელმაც თამაში 2017 წელს დაასრულა.
ჰლებს, რომელსაც თავის დროზე „შტუტგარტში,“ ლონდონის „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია, ბელარუსის ნაკრების მაისურა 79 შეხვედრაში მოურგია და 6 გოლი გაუტანია.