ძიუდო

15:50 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ოსაკას გრანდ სლემზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ხვალიდან იაპონიის ქალაქი ოსაკა პრესტიჟულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებიც წარსდგებიან.

დღეს, წილისყრის პროცედურა შედგა და ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იქნება.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი პერუელ ხუან პოსტიგოსსა და ტაილანდელ სურასაკ პუნტანამს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) კი პირველ ნომრადაა განთესილი და მე-2 რაუნდში მისი მეტოქე ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლო იქნება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება: ნუგზარ ტატალაშვილი ძალებს ყირგიზ ერლან შეროვთან მოსინჯავს, ხოლო ზებედა რეხვიაშვილი პირველივე წრეში იაპონელ კენია კოჰარას დაუპირისპირდება.
უშანგი მარგიანი (90 კგ.) მე-2 წრეში ავსტრალიელ სებასტიან ტემესისა და ფინელი სამული ვიიტანენის შეხვედრაში გამარჯვებულს გაეჯიბრება, პირველი განთესვის მქონე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) კი ფიჯელ ტევიტა ტაკაიავასა და ყაზახი ადილხნა კოზიბაიევს შორის უმჯობესს შეერკინება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება გურამ თუშიშვილი, რომელსაც ასევე პირველი ნომერი გააჩნია და გრანდ სლემში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, სადაც მისი მოწინააღმდეგის ვინაობა სლოვენიელი ენეი მარინიჩისა და ჰოლანდიელი ჰენკ გროლის შეხვედრაში გაირკვევა.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 23 ნოემბერს მედლები ვაჟთა 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 24-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 25-ში – 90-ში, 100-სა და მძიმე (+100 კგ.) წონაში.
ვთქვათ ისიც, რომ ოსაკას Maruzen Intec Arena-ზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები სამივე დღეს 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკები კი 12:30 საათიდან გახლავთ დაგეგმილი.

0.113631