ფეხბურთი

10:48 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე ერთა ლიგაზე: ბელარუსის ნაკრები ახლო ხედით

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ორი ნაბიჯი, ორი გამარჯვება აშორებს. თუმცა, პირველი დაბრკოლება უკვე ვიცით - ბელარუსის ნაკრები. სწორედ ეს გუნდი იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში.

შეხვედრა თბილისში, 2020 წლის მარტში გაიმართება, გამარჯვებული ფინალში გავა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

რა თქმა უნდა, იქამდე ძალიან დიდი დროა. წელიწადნახევარი საკმაოდ ბევრი დროა ფეხბურთში და ვინ იცის, იმ დროს გუნდები როგორ ფორმაში და ვითარებაში იქნებიან. ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, რადგან წყლის ნაყვა გამოგვივა. ბელარუსის ნაკრებზე კი, რაც უფრო მოახლოვდება ეს უპრინციპულესი თამაში, უფრო მეტს ვისაუბრებთ, მაგრამ ახლაც გვინდა, რომ უფრო ახლოდან წარმოგიდგინოთ და გავეცნოთ საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს...

აწმყო

ბელარუსის ნაკრები საკმაოდ მკაცრად დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობს. მთავარი მწვრთნელი იგორ კრიუშენკო უმეტესად დაცვაზე აკეთებს აქცენტს და გუნდი სწრაფად გადადის კონტრშეტევებზე. ფეხბურთელებიც ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევიან და მეორე სართულზე ძალზე სახიფათონი არიან.

ამჟამად, ბელარუსი ფიფას რეიტინგში საქართველოზე წინაა და 78-ე ადგილს იკავებს. თუმცა, ჰქონდა პერიოდი, როდესაც 36-ე იყო მსოფლიო ჩათვლაში, ეს 2011 წელს.

ბოლო 10 მატჩიდან ბელარუსმა 6 მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და მარცხი ერთხელ განიცადა. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი ისე დაასრულა, რომ გოლი არ გაუშვია.

შემადგენლობა

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობას თვალი რომ გადავავლოთ, ერთი შეხედვით ბევრს არაფერს გვეტყვის. ყოველშემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებიც ბელარუსის ჩემპიონატს აქტიურად არ ვაკვირდებით. გუნდის ძირითადი ბირთვი სწორედ ადგილობრივ პირველობაზე თამაშობს და ლეგიონერთა სიმწირით გამოირჩევა.

ლეგიონერია გუნდის კაპიტანი ალექსანდრ მარტინოვიჩი, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელია „კრასნოდარში“ და საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელიცაა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სტანისლავ დრაგუნია, რომელიც ბორისოვის „ბატეს“ ღირსებას იცავს და ერთა ლიგაზეც ბრწყინვალედ თამაშობს - 5 გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე. უნდა გამოვყოთ ანტონ საროკა ბელგიური „ლოკერენიდან“, რომელსაც 14 სანაკრებო მატჩში 7 გოლი აქვს მითვლილი. და, ალექსანდრ გლები. ალბათ, ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ბოლო წლების განმავლობაში. ის ახლა „ბატეს“ წევრია და 37 წლისაა. ნაკრებში მიწვეულიც იყო, მაგრამ 2020 წელს, 39 წლის იქნება და არავინ იცის, ითამაშებს თუ არა, იმ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში. საერთოდ, გუნდის ძირითადი ნაწილი გამოცდილი ფეხბურთელებისგან შედგება, მათ შორის არიან, სერგეი კისლიაკი და იგორ სტასევიჩი. ამ უკანასკნელს ერთი წლის წინ ქუთაისში საქართველოს ნაკრების კარში გოლიც აქვს გატანილი.

აქვე, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც ლუქსემბურგთან და სან მარინოსთან შეხვედრებისთვის იყვნენ გამოძახებულნი:

მეკარეები: ანდრეი გარბუნოვი (დინამო მინსკი, 18 თამაში ნაკრებში), სერგეი ჩერნიკი (ნანსი, საფრანგეთი, 18 თამაში), დენის შერბიცკი (ბატე)

მცველები: ალექსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი, 63 თამაში, 2 გოლი), იგორ შიტოვი (დინამო მინსკი, 62 თამაში, 1 გოლი), დენის პალიაკოვი (ბატე, 33 თამაში, 1 გოლი), მაქსიმ ვოლოდკო (ბატე, 30 თამაში, 2 გოლი), სერგეი პალიცევიჩი (ყაირატი, ყაზახეთი, 28 თამაში, 1 გოლი), მიხაილ სივაკოვი (ორენბურგი, რუსეთი, 23 თამაში, 1 გოლი)

ნახევარმცველები: ალექსანდრ გლები (ბატე, 79 თამაში, 6 გოლი), სერგეი კისლიაკი (დინამო ბრესტი, 69 თამაში, 9 გოლი), სტანისლავ დრაგუნი (ბატე, 56 თამაში, 10 გოლი), ანტონ პუცილა (ანკარაგიუჯუ, თურქეთი, 54 თამაში, 6 გოლი), იგორ სტასევიჩი (ბატე, 44 თამაში, 4 გოლი), სერგეი ბალანოვიჩი (შახტიორი, 33 თამაში, 2 გოლი), ივან მაიევსკი (ასტანა, ყაზახეთი, 25 თამაში, 0 გოლი), პაველ სავიცკი (დინამო ბრესტი, 16 თამაში, 4 გოლი), ალექსეი რიოსი (ბატე, 10 თამაში, 1 გოლი), იური კავალიოვი (შახტიორი, 9 თამაში 1 გოლი), დმიტრი ბაგა (ბატე, 2 თამაში, 0 გოლი)

თავდამსხმელები: ანტონ საროკა (ლოკერენი, ბელგია, 14 თამაში, 7 გოლი), მიხაილ სიგნევიჩი (ბატე, 14 თამაში, 1 გოლი), მაქსიმ სკავიში (ბატე, 12 თამაში, 1 გოლი)

მწვრთნელი

ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კრიუშენკო გახლავთ, რომელმაც გუნდი 2017 წლის მარტში ჩაიბარა. განსაკუთრებული სამწვრთნელო მიღწევებით 54 წლის სპეციალისტი ვერ დაიკვეხნის, თუმცა პერიოდულად წარმატებებსაც აღწევდა.

ბორისოვის „ბატეს“ 2006 და 2007 წლებში ორჯერ მოაგებინა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ხოლო ერთხელ ბელარუსის თასი. ამავე ჯილდოს კრიუშენკო 2015-2016 წლების სეზონში ჟოდინოს „ტორპედოსთან“ ერთადაც შესწვდა.

2007 წელს, „ბატე“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მიიყვანა, რაც იმ დროისთვის „ბატესთვის“ დიდი მიღწევა გახლდათ. 2009-2011 წლებში რუსულ „სიბირში“ იმუშავა და კარგადაც. პირველივე სეზონში გუნდი პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში დააწინაურა, ხოლო 2010 წელს რუსეთის თასის ფინალსაც უწია.

აი, რაც შეეხება უშუალოდ ბელარუსის ნაკრებს - დღემდე 21 თამაში ჩაატარა მისი ხელმძღვანელობით, საიდანაც 38.10% მოიგო (8 მოგება, 4 ფრე, 9 წაგება).

წარსული

ბელარუსის ნაკრები სახელოვანი წარსულით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნის. აქამდე, არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი არ დაძულევია და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე არ უთამაშია.

უშუალოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს რაც შეეხება, საუკეთესო შედეგი 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოზე აჩვენა, როდესაც 10 თამაშში 15 ქულა მოიპოვა (4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება) და მესამე ადგილზე გავიდა. აი, ბოლოს, 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ძალზე წარუმატებლად გამოვიდა და 10 შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა (1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება), ლუქსემბურგსაც კი ჩამორჩა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. თუმცა, სწორედ ამ შესარჩევში მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს საკუთარ მოედანზე ქულები დააკარგვინა (0:0).

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებს - საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია, რომელსაც ოთხჯერ უწია, ხოლო ორჯერ მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. მაგალითად, ევრო 2016-ის შესარჩევში ბელარუსებმა 11 ქულას მოუყარეს თავი და უკრაინას, სლოვაკეთსა და ესპანეთს ჩამორჩნენ.

ბელარუსის ნაკრებს 2017 წლის ივლისიდან ამავე წლის ნოემბრამდე ზედიზედ ევქის მატჩი ჰქონდა წაგებული, მაგრამ წარუმატებელი სერია ქუთაისში შეწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებს დაუზავდა (ამაზე ვრცლად ქვემოთ). მას შემდეგ კი კრიუშენკოს გუნდი გაცილებით კარგად ათამაშდა და ბოლო 10 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა, სპარინგში ფინეთთან (0:2).

ერთა ლიგა

ბელარუსის ნაკრები ერთა ლიგაზე D დივიზიონის B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას მოლდოვა, სან მარინო და ლუქსემბურგი უწევდნენ. 4 ტურის შემდეგ მათი ჯგუფიდან გასვლა სათუოც იყო, რადგან ლუქსემბურგს ჩამორჩნებოდნენ. თუმცა, გადამწყვეტ შეხვედრაში უშუალო კონკურენტი მისსავე მოედანზე დრაგუნის დუბლით დაამარცხეს.

მთლიანობაში ბელარუსმა ჯგუფურ ეტაპზე 14 ქულა მოიპოვა. იმდენი, რამდენიც კოსოვომ, თუმცა ბურთების უარესი ბალანსის გამო პირველადგილოსნებს შორის უარესი შედეგის მქონე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ბელარუსის ნაკრები არათუ დივიზიონში, არამედ ერთა ლიგის გათამაშებაში ერთადერთია, რომელსაც გოლი არ გაუშვია.

ეს კი, ჯგუფური ეტაპზე ნაჩვენები შედეგები:

ბელარუსი - სან მარინო 5:0

გოლები: 1:0 სტასევიჩი (4), 2:0 დრაგუნი (26), 3:0 საროკა (67), 4:0 დრაგუნი (87), 5:0 კავალიოვი (90)

მოლდოვა - სან მარინო 0:0

ბელარუსი - ლუქსემბურგი 1:0

გოლი: 1:0 საროკა (43)

ბელარუსი - მოლდოვა 0:0

ლუქსემბურგი - ბელარუსი 0:2

გოლები: 0:1 დრაგუნი (37), 0:2 დრაგუნი (54)

სან მარინო - ბელარუსი 0:2

გოლები: 0:1 დრაგუნი (8), 0:2 საროკა (52)

როგორც ხედავთ, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, სტანისლავ დრაგუნის აქტივზე გოლების ნახევარი (5) მოდის, ხოლო გამორჩეულია ანტონ საროკაც, რომელმაც სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

ბელარუსი საქართველოსთან

აქამდე, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრილან და თანაფარდობაა: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ბელარუსთა სასარგებლოდ მხოლოდ ბურთების ბალანსია - 4:3.

პირველად ჩვენი გზები 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გადაიყარა. 2012 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის ფენომენალური გოლით (51-ე წუთი) მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

მაშინ გუნდები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით იყვნენ:

საქართველო: ლორია, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა, დაუშვილი, კანკავა, ანანიძე (გორგიაშვილი 74), თარგამაძე, ოქრიაშვილი (სირბილაძე 82), მჭედლიძე (კვირკველია 55)

ბელარუსი: ვერემკო, პოლიაკოვი, მარტინოვიჩი, ვერხოვცოვი, ჟავნერჩიკი (ბალანოვიჩი 31), ტიგორევი (დრაგუნი 61), კულიჩი, ბრესანი, ნეხაიჩიკი (ბორდაჩევი 27), პუტილო, კორნილენკო

ერთი თვის შემდეგ, 2012 წლის 16 ოქტომბერს, მინსკში მასპინძლებმა გაცილებით ადვილად გვაჯობეს - 2:0. გოლები კი, ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა რენან ბრესანმა (მე-6 წუთი) და აწ უკვე მრავალგზის ნახსენებმა სტანისლავ დრაგუნმა გაიტანეს (28-ე წუთი).

მინსკში მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:

ბელარუსი: ვერემკო, ფილიპენკო, პოლიაკოვი, ბორდაჩევი, ვერხოვცოვი, გლები, ტიგორევი, ბრესანი (ვოლოდკო 85), დრაგუნი, პავლოვი (კისლიაკი 83), როდიონოვი (ჩუხლი 90)

საქართველო: რევიშვილი, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა, კაშია, კობახიძე, კანკავა, დაუშვილი, დევდარიანი (მჭედლიძე 46), თარგამაძე (ყენია 75), ოქრიაშვილი (ანანიძე 49)

ბოლო, მესამე დაპირისპირება 2017 წლის 13 ნოემბრით თარიღდება. ქუთაისში, ამხანაგური შეხვედრა შედგა. ანგარიში იგორ სტასევიჩმა გახსნა, მაგრამ საქართველომ მეორე ტაიმის სტარტზე წინ გასვლა მოახერხა. გოლები ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა მიითვალეს. საბოლოო ანგარიში კი 66-ე წუთზე პაველ ნეხაიჩიკმა დააფიქსირა.

თუმცა, აღვნიშნოთ ისიც, რომ ორივე გუნდმა ეს მატჩი ძალზე გადახალისებული, მეტიც, შეიძლება ითქვას, მეორე შემადგენლობით ჩაატარეს:

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (კაკაბაძე 88), კაშია (დვალი 46), ხოჭოლავა, შერგელაშვილი, კანკავა (მერებაშვილი 62), აბურჯანია, ჯიღაური (ქვილითაია 62), პაპუნაშვილი, გვილია (კაჭარავა 88), სიხარულიძე (ყაზაიშვილი 80)

ბელარუსი: იგნატოვიჩი (პავლიუჩენკო 46), პოლიცევიჩი, ვოლოდკო (მატვეიჩუკი 63), გავრილოვიჩი, რიოსი, სტასევიჩი (პავლოვეცი 88), კარნიცკი (ნეხაიჩიკი 56), ბიკოვი, კორზუნი, კოვალევი (კლიმოვიჩი 82), ლაპტევი

და ბოლოს, ბელარუსთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპი ელოდება (ისევე, როგორც მეტოქეს). მოწინააღმდეგების ვინაობას 2 დეკემბერს გავიგებთ და ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი მეოთხე კალათაში იქნება განთესილი.

0.117144