სხვა

15:32 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ტურნირი ნინო სალუქვაძის ტირში

ხვალ, 21 ნოემბერს ნინო სალუქვაძის ტირში იწყება შოთა ქველიაშვილის სახელობის გარდამავალი თასის ღია გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. შეჯიბრება გაიმართება უფროსებსა და ახალგაზრდებში, ვაჟებსა და ქალებს შორის.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა გუნდი – თელავი, ქუთაისი და თბილისის ორი კლუბი: ნინო სალუქვაძის კლუბი და სკა. უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფება აზერბაიჯანის ნაკრები და ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, დღეს კი გვესტუმრა სომხეთის გუნდი. მონაწილეთა რაოდენობა 70-მდე იქნება.
ამ ტურნირის დასრულების შემდეგ იქვე გაიმართება მეორე, ასევე საერთაშორისო სტატუსის მქონე შეჯიბრება – თბილისის საერთაშორისო ტურნირი. ეს გუნდები მასშიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა არ იქნება გროზდევა, ვინც პირველი შეჯიბრების დამთავრებისთანავე ბრუნდება სამშობლოში.
ტურნირში საქართველოს ორივე ასაკის ნაკრები – ქალებშიც და ვაჟებშიც უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს: ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი პირადში და მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ნინო ხუციბერიძე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გუნდურში თამილა ასათიანი, ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანი, საქართველოს ჩემპიონი მარიამ ჩაგანავა და სხვები...
ორივე შეჯიბრება 10 საათზე დაიწყება. ტურნირი 24 ნოემბერს დასრულდება შერეული წყვილებით. იმავე დღეს, 14 საათზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

0.115989