საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ნიკა კენჭაძისა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილის (97 კგ) შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნიკას ძმამ – ავთანდილმა მოიპოვა. როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
უფროსებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალისტმა ავთანდილ კენჭაძემ ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს ასაკობრივ პირველობაზე, ფინალის გზაზე ინდოელი პარვინ მალიკი (10:0), სლოვაკეთის ნაკრების წევრი ახსარბეკ გულაევი (3:0), თურქი მუჰამეტ აკდენიზი (10:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ტიმურ ბიჟოევი (4:2) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი წუთსა და 50 წამში გააკრა ბეჭებზე რუმინელი მაქსიმ ვასილოღლო.
როლანდ ანდრიაძემ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ამერიკელ იუსიფ იბრაჰიმ ჰემიდასთან მარცხით (2:4). ამ შეხვედრამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა უნგრელი მიხალი ნაგი (3:2) და ფინელი ჟერე ტაპანი ჰეინო (5:2) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი იაპონელ იასუჰირო იამამოტოს აჯობა (4:0).
დღესვე, რეპეშაჟის ფინალში კიდევ ერთმა ქართველმა – ირაკლი მწითურმა (92 კგ) იჭიდავა, მაგრამ ირანელ მეტოქესთან – ჰოსეინ შაჰბაზიგაზვართან 2:4 დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.