ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ ესპანურ “გიპუზკოა ბასკეტში” გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სასიხარულოა, რომ ჩვენებურმა თავი მადრიდის “რეალთან” გამოიჩინა.
პირველ ამ სეზონში, “გიპუზკოა ბასკეტის” ორივე ქართველი ლეგიონერი – სანაძე და ბექა ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.
დიდი ანგარიშით წაგებულ (71:104) შეხვედრაში სანაძემ მოედანზე 25:02 წუთი გაატარა და 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (13) ჰქონდა.
დუდა შეტევაში ძალიან აქტიური იყო და 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
რაც შეეხება ბურჯანაძეს, რომელიც მძიმე ტრავმის მერე, ფორმაში ახლაღა დგება, 17:26 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ბექამ ორ-ორი ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“გიპუზკოა ბასკეტი” 2 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, ისევ სტუმრად, “ვალენსიასთან” ჩაატარებს.