სხვა

20:32 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ქართველი ევროტურნირებზე  

ამ შაბათ-კვირას სამი ქართველი ხელბურთელის კლუბი თამაშობს ევროტურნირებზე. ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცას შაბათს EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი აქვს შვედეთში, მალმესთან; მედეა ჩოხელის პელისტერი კვირას ჩელენჯ კაზე მასპინძლობს მალტის ლა სალეს; ქეთევან ვენეცკის გუნდი ისტოგუ ამავე ტურნირზე შაბათ-კვირას ორჯერ შინ ეთამაშება იტალიის კასანო მანიანოს.

მედეა ჩოხელის მაკედონიურ კლუბს უკვე მოგებული აქვს პირველი მატჩი მალტაში - 30-24. ქართველმა ხაზის მოთამაშემ მცირე ტრავმის გამო მატჩი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა, თუმცა, 3 გოლის გატანა მოასწრო. ორი მატჩის ჯამში მოგების შემთხვევაში პელისტერი მერვედფინალში გადის. მედეას კლუბი, ბიტოლას პელისტერი მაკედონიის ჩემპიონატში 11 თამაშიდან 7 მოგებით მეხუთე ადგილზეა, ჩოხელს ამ 11 მატჩში 42 გოლი დაუგროვდა: ლიდერთან, სკოპიეს მეტალურგთან მან შვიდჯერ გაიტანა, მეორე მაკედონიურ გრანდთან, ვარდართან, ექვსი გოლი შეაგდო, ხოლო ყველაზე მეტი, 8 დაუგროვდა გევგელიასთან მოგებულ თამაშში (30-23).

ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა წინა რაუნდში უკვე დაამარცხა ჩეხეთის პლზენი და თუ მალმესაც გაივლის, ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. საპასუხო მატჩი 25 ნოემბერსაა რუმინეთში. რუმინეთის ჩემპიონატზე კონსტანცამ ზედიზედ მოიგო ბოლო ხუთი მატჩი, 10 თამაშიდან 8 მოგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ CSM ბუკურეშტის ჩამორჩება. ჩიქოვანმა ამ ხუთიდან 4 მატჩში ითამაშა და 20 გოლი გაიტანა, განსაკუთრებით კი გამოიჩინა თავი ფეგერაშთან (8 გოლი) და სუჩავასთან (7) მოგებულ თამაშებში. სულ ირაკლის 34 გოლი აქვს გატანილი და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. კარგი სტარტის შემდეგ ცოტათი ჩამორჩა შოთა თევზაძის გუნდი ფოჩანი, რომელმაც ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და 16 ქულით (5 მოგება, ფრე, 4 წაგება) მე-9 ადგილზეა.

ქეთევან ვენეცკის გუნდი, ქალაქ პეიას ისტოგუ კოსოვოს ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და 7 თამაშიდან 6 მოგება აქვს. ქართველმა მარცხენა ინსაიდმა ამ 7 თამაშში 30 გოლი გაიტანა. იტალიურ კლუთან შეთანხმებით, ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის ორივე მატჩი ისტოგუს მოედანზე გაიმართება.

რაც შეეხება ევროტურნირების მეოთხე ქართველ მონაწილეს, ის გახლავთ ლევან გელაშვილი, EHF ტექნიკური დელეგატი, რომელიც 17 და 18 ნოემბერს თურქეთში გაუძღვება ქალთა ჩელენჯ ტროფის ამავე ეტაპის მატჩებს, ანკარის იენიმაჰალესა და ბაქოს აზერიოლს შორის.

ქართველი ხელბურთელის კიდევ ერთი კლუბი ჩელენჯ კაპს წინა ეტაზე გამოეთიშა. ერეკლე არსენაშვილის ბერძნული გუნდი დიომიდის არგუსი სტავროპოლში ორჯერ დამარცხდა დინამო-ვიქტორთან - 19-38 და 28-32, ხოლო არსენაშვილმა ამ ორ მატჩში 5 გოლი გაიტანა. საბერძნეთის ჩემპიონატში დიომიდისი მეხუთე ადგილზეა 6 მატჩიდან 3 მოგებით, ქართველი პივოტის ანგარიშზე კი 4 თამაშში გატანილი 9 გოლია.

რაც შეეხება სხვა ქართველ ლეგიონერებს:

სამი ჩვენიანი თმაშობს მაკედონიის კაცთა ჩემპიონატში, რომელსაც 9 თამაშიდან 9 მოგებით ლიდერობს ეუროფარმ რაბოტნიკი. მეხუთე ადგილზეა რევაზ ჭანტურიას პელისტერი (6 მოგება, 18 ქულა). ცოტათი დათმო პოზიციები დებიუტანტმა სტრუგამ (10 ქულა, 6 ადგილი), სადაც ლექსო წითელიშვილი და გიორგი დიხამინჯია თამაშობენ. ამ კლუბების მატჩი პელისტერმა 27-23 მოიგო და ყველაზე შედეგიანები ქართველები იყვნენ - ჭანტურია 8 გოლი (სულ 27 ჩემპიონატში), წითელიშვილი - 7 (37) და დიხამინჯია - 5 (29).

უნგრეთის ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო თეიმურაზ ორჯონიკიძის ფერენცვაროშმა, 8 თამაშიდან 5 მოგებით მე-7 ადგილზეა და 2 მატჩი მარაგში აქვს. ორჯონიძის პირად ანგარიშზე 26 გოლია, რაც კლუბში მესამე შედეგია.

თურქეთის ჩემპიონატში გოლების ანგარიში გახსნა ქეთი კუნელაშვილმა, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ არდაშენის კლუბში. ქეთიმ ორჯერ გაუტანა სამსუნ გენჩლიკს (39-33), ამის შემდეგ კი გუნდმა პრინციპული თამაში მოუგო თურქეთის ჩემპიონ მურატფაშას (35-34), 7 მატჩიდან 5 მოგება აქვს და მეხუთე ადგილზეა, თუმცა, თამაში მარაგში აქვს და ლიდერებს 2 დაკარგული ქულით ჩამორჩება.

უკრაინის ჩემპიონატში 8 თამაშიდან 4 მოგებით მეხუთეა ირაკლი კბილაშვილის ოდესა, ქართველი გამთამაშებლის ანგარიშზე კი 34 გოლია.

დაბოლოს, მონპელიე, სადაც ირიცხება 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე. გუნდმა როგორც იქნა, მოიგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი (რაინ ნეკართან, 31-26), ჩემპიონატში კი შვიდიდან 6 მოგებით მე-5 ადგილზეა, თუმცა, სულ 1 დაკარგული ქულით ჩამორჩება ლიდერს, შამბერის. ცხოვრებაძეს ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია.

0.223533