ფეხბურთი

3:20 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ყაზახეთთან გამარჯვებით უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს იყო შემთხვევითობა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ანდორასთან (1:1) შეხვედრა შეაფასა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ასეთ შეხვედრაში ვერ იმარჯვებ.

კვეკვესკირის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ყაზახეთთან თამაშზე იფიქროს და სათანადოდ მოემზადოს, რადგან დაამტკიცოს, რომ ანდორასთან ვერმოგება მხოლოდ შემთხვევითობა გახლდათ:

„დასანანია ქულების დაკარგვა. ჩვენი მოტივაცია იყო, რომ ჯგუფში ყველა თამაშო მოგვეგო და თანაც გოლი არ გაგვეშვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთ თამაშში, სადაც მეტოქეს ნახევრად მომენტებიც არ ჰქონია, გოლი გავუშვით, უყურადღებობის, ინდივიდუალური შეცდომის ხარჯზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ, ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა შანსი. ანდორაც ბრძოლისუნაირიანი გუნდია და ნამდვილად არაა მის წინააღდეგ თამაში ადვილი ამ სტადიონზე.

ახლა მთავარია, რომ წინ ვიყუროთ. ოთხ დღეში ყაზახეთთან თამაშია და იქ უნდა დავუმტკიცოთ ქართველ გულშემატკივარს, რომ ეს იყო შემთხვევითობა და მეტი არაფერი. ძალიან სასიამოვნოა, რომ გასვლით თამაშებში ამდენი გულშემატკივარი ჩამოდის და ჩვენთვის მოტივაციაა, რომ ხალხს ნელ-ნელა ტრიბუნებზე ვაბრუნებთ. გული გვწყდება, რომ დღეს მოგებით ვერ გავახარეთ, მაგრამ პირობას ვდებთ, ყაზახეთთან გამარჯვებით სიხარულს მივანიჭებთ“, - განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო მატჩს კი 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან

0.118679