16-18 ნოემბერს ჰოლანდიის ქალაქი ჰააგა ტრადიციულ გრან პრის უმასპინძლებს, რომელშიც 66 ქვეყნის 443 ძიუდოისტი (258 კაცი+185 ქალი) ჩაებმება. მონაწილეთა შორის 5 ქართველიცაა.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძალებს ვაჟა მარგველაშვილი მოსინჯავს, 73 კგ-ში – ლაშა შავდათუაშვილი, 81-ში – ზებედა რეხვიაშვილი, 90-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 100-ში – ვარლამ ლიპარტელიანი.
ცნობილია, რომ 16 ნოემბერს მედლები 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 17-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 18-ში – 90-ში, 100-სა და მძიმე (+100 კგ.) წონაში.
ჰააგაში წინასწარი ეტაპის შეხვედრები 16 და 17 ნოემბერს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, 18-ში კი – 14:00 საათზე. ფინალური ბლოკი სამივე დღეს 20:00 საათზე დანიშნული.
წილისყრის თანახმად, მარგველაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული და სამხრეთაფრიკელ დანიელ ლე გრანჟეს გაეჯიბრება.
თავის წონაში ასევე უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა შავდათუაშვილი, რომელიც მე-2 წრეში ჰოლანდიელ დაან ტენ ჰეუველსა და ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
ასევე მე-2 რაუნდიდან იწყებს ბრძოლას რეხვიაშვილი, რომელი ძალებს ფრანგი ნიკოლა შილარდისა და სურინამელი აბას ზიზოვის წყვილში გამარჯვებულთან მოსინჯავს.
ჭრიკიშვილი მე-2 წრეში ჰოლანდიის წარმომადგენელ ტომ ბონეშანსკერს გაეჯიბრება, მისი, 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის უმთავრეს ფავორიტად კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერეზადიშვილი მოიაზრება.
100 კგ-მდე წონაში პირველი ნომერი ლიპარტელიანია, რომელიც ტურნირში ასევე მე-2 წრიდან ჩაებმება და რუმინელი ვალენტინ რადუს დამარცხებას ეცდება.