საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი მიიჩნევს, რომ "ჯვაროსნებისთვის" მომდევნო ორი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა.
კვეკვესკირის განცხადებით, საქართველოს ნაკრების მიზანი ქვეჯგუფში ექვსივე თამაშის გოლგაუშვებლად მოგებაა:
"პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და ნახოს მათი რესურსი. უეფას ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ", - ციტირებს კვეკვესკირის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
აქვე გეტყვით, რომ ანდორისა და საქართველოს ნაკრებთან მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.