ჭიდაობა

21:55 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზოიძე და ბოლქვაძე ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ხვალ, ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე, ზოიძემ კვალიფიკაციაში ირანელ ალი რეიზოლა არსალანს 13:4 სძლია, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში კი, შესაბამისად, უზბეკ არამ ვარდანიანსა (11:6) და რუს ნარეკ ოგანიანს (4:1) აჯობა. ნახევარფინალში ზოიძე კაჰარმან კისიმეტოვს გაეჯიბრა და 7:5 სძლია, ფინალში კი თურქ ჩენგიზ არსლანს დაუპირისპირდება.
ბოლქვაძემ მერვედფინალში ჩინელი ჰაიტაო ქიანი 5:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში ბელარუს მიკიტა კლიმოვიჩთან ბოლოს აღებული ქულის წყალობით, 1:1-ზე მოიგო. ნახევარფინალში, ქართველმა მოჭიდავემ იაპონელ ტაკაჰირო ცურუდას 5:1 სძლია, გადამწყვეტ შერკინებაში ძალებს კი რუმინელ ნიკუ სამუელ ოიოგთან მოსინჯავს.
ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს გიორგი მელიასა (97 კგ.) და დათო ჩხარტიშვილს (60 კგ.). მელიამ ნახევარფინალში რუს ალეკსანდრ გოლოვინთან 0:9 დამარცხდა, რეპეშაჟში კი, ამ სამიდან ერთს გაეჯიბრება: ნიკოლოზ კახელაშვილი (იტალია), დმიტრი კამინსკი (ბელარუსი) ან ვლადენ კოზლიუკი (უკრაინა).
ჩხარტიშვილმა იტალიელ ჯაკოპო სანდრონსა (9:2) და ლიტველ იუსტას პეტრავიჩიუსს (12:1) დამაჯერებლად სძლია, მეოთხედფინალი კი 4:5 წააგო აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან, რომელმაც ფინალში გასვლა მოახერხა. დათო რეპეშაჟში უზბეკ ისლომჯონ ბახრამოვსა და ყირგიზ რუსტამ ტეიშოვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი, ძალებს თურქ ქერემ კამალთან მოსინჯავს.
მელიამ კვალიფიკაციაში ყაზახ ოლჟას სირლიბაის 3:2 სძლია, მერვედფინალში ლიტველ რომას ფრიდრიკასს 7:6 მოუგო, ნახევარფინალში კი გერმანელი იან ზირნი 9:0 გაამადგურა. ფინალში გასასვლელად, ქართველი ფალავანი რუს ალეკსანდრ გოლოვინს გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა ოთარ აბულაძე (67 კგ.), რომელმაც ესპანელ ალეხანდრო კონსეპსიონ კასტილიოს 2:2-ზე, დამატებითი მაჩვენებლით სძლია, მერვედფინალში კი უნგრელ ოტო ლოსონჩისთან 4:7 დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში წააგო და ჩვენებურმა შეჯიბრი ნაადრევად დაასრულა.

0.114274