ჭიდაობა

21:05 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ხვალ, ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაწყებულ ტურნირზე წურწუმიამ გზიდან სომეხი ნორაირ აკობიანი (3:2) და ბულგარელი ნედიალკო პეტროვი (4:1) ჩამოიცილა, ფინალის საგზურისთვის კი ყირგიზ ბალბაი დორდოკოვს გაეჯიბრა და 2:1 სძლია. გადამწყვეტ შერკინებაში ნუგზარის მეტოქე რუს ვიტალი კაბალოევი იქნება.
პატარიძემ მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შესაბამისად, ირანელ ჰოსეინ იუსუფიაჰმადჩალისა (4:1) და რუს ნოხჩო ლაბაზანოვს (5:1) აჯობა, ნახევარფინალში კი ფინელ კონსტა მაეენპაეაეს სულ რაღაც წუთში 8:0 სძლია. ფინალში ჩვენებური თურქ ოსმან ილდირიმს გაეჯიბრება.
ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნება ბაკურ გოგოლს (77 კგ.), რომელიც რეპეშაჟში რუს ისმაილ საიდხასანოვს დაუპირისპირდება, თუკი იმარჯვა, ძალებს ყირგიზ რენატ ილიაზ უულუსთან მოსინჯავს, ბოლო ბრძოლა კი ინდოელ საიან საიანთან ექნება.
სამწუხაროდ, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი აღარ აქვს გურამ ხეცურიანს (87 კგ.), რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან 1:2 წააგო, ეს უკანასკნელი კი ნახევარფინალში უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან დამარცხდა და ჩვენებური ტურნირს მიღმა დარჩა.
ვთქვათ ისიც, რომ 13 ნოემბერს მსოფლიო პირველობაში კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაებმება: დათო ჩხარტიშვილი (60 კგ.) იტალიელ ჯაკოპო სანდრონს გაეჯიბრება, ოთარ აბულაძე (67 კგ.) – ესპანელ ალეხანდრო კასტილიოს, რამაზ ზოიძე (72 კგ.) – ირანელ ალი არსალანს, გელა ბოლქვაძე (82 კგ.) – ჩინელ ქიანსა და შვედ იოჰანსონს შორის გამარჯვებულს, ხოლო გიორგი მელია (97 კგ.) – ყაზახ ოლჟას სირლიბაის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124679