გერმანიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევმა ნახევარმცველმა მარკო როისმა "ბაიერნთან" მოგებული (3:2) ბუნდესლიგის მე-11 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვების მიუხედავად, ჯერჯერობით ჩემპიონობაზე ფიქრი ნაადრევია.
"კარგი იქნებოდა იოლი მატჩი გვქონოდა, თუმცა "ბაიერნი" ნამდვილად ძლიერი მეტოქეა. ამ ეტაპზე ნაადრევია ჩემპიონობაზე ფიქრი, სხვა კონკურენტები, "გლადბახის" მსგავსი მომავალ მატჩებში უსაქმურად არ იქნებიან. "ბაიერნთან" შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ და ვერ ვაკონტროლებდით, მეტოქეს პრესინგში ვყავდით. თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და საბოლოო ჯამში დიდებული მატჩი გამოვიდა." - განუცხადა Sky-ს გერმანელმა.
განვლილ შეხვედრაში "დორტმუნდის" მხრიდან დუბლი როისმა შეასრულა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი პაკო ალკასერმა გაიტანა. "ბაიერნიდან" კი დუბლით რობერტ ლევანდოვსკი გამოირჩა. "დორტმუნდს" სატურნირო ცხრილში 27 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "გლადბახს" ოთხი ქულით უსწრებს. ნიკო კოვაჩის გუნდი ჯერჯერობით მესამე პოზიციაზე 20 ქულით იმყოფება.