ფეხბურთი

23:17 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრები: საქართველო 0:2 თურქეთი

8 ნოემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და თურქეთის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეტოქის უპირატესობის მიუხედავად, რამდენიმე რეალური მომენტი ჩვენს გოგონებსაც ჰქონდათ. გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს ლელა ჭიჭინაძე იყო, მაგრამ ქართველი შემტევის დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

თურქებმა თათია გაბუნიას კარის აღება მატჩის მეორე ნახევარში მოახერხეს. 67-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვაში წარმოქმნილი არეულობით მელიქე ფექელმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 88-ე წუთზე ებრუ თოფგლიმ შორეული საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ და ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა მატჩი შეაფასეს:

ლევან ბაჯელიძე: „ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ეს პირველი ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ საკმაოდ ძლიერ თურქეთის ნაკრებს დავუპირისპირდით, რადგან მომავალ შესარჩევში სწორედ ასეთი დონის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ჩვენ წარმატებულად ასპარეზობა გვსურს. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ თამაშს, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მადლობას ვუხდი ჩვენს გოგოებს ბოლომდე ბრძოლისთვის, მათ მოედანზე მაქსიმუმი გააკეთეს. 100 პროცენტიანი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გავიტანეთ და შემდეგ საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. ვულოცავ თურქეთის ნაკრებს გამარჯვებას, ჩვენის მხრივ კი, გავაანალიზებთ თითოეულ შეცდომას და მომავალ შეხვედრაში მეტოქეს სხვა თამაშს დავუპირისპირებთ.“

ნინო პასიკაშვილი:„სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ იმისთვის, რომ მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის პრობლემები აღმოვფხვრათ და ამ მნიშვნელოვან მატჩებს მზად შევხვდეთ. დღევანდელი შედეგი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ ამხანაგურ შეხვედრას უკეთ ვითამაშებთ.“

საქართველო - თურქეთი 0:2

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო: გაბუნია, ქველიძე, პასიკაშვილი, მატვეევა, ჭიჭინაძე (89’ შენგელია), ჭყონია, ბაქრაძე, ტატუაშვილი, სხირტლაძე (46’ კალანდაძე), სუთიძე (36’ ჩხარტიშვილი), თოდაძე (82’ დანელია)

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, დოლიძე, წოწერია

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

თურქეთი: აკგოზი, კარაგენჯი, უზუნგუნეში, თურქოღლუ (46’ გონულთაში), კარაბულუთი (90+2’ არჰანი), ფექელი, კარა (80’ ერქანი), ჰანგარი (90+2’ ჯუმერთი), იშიკი (46’ იენიჩერი), თოფგლი, დიშლი (80’ ჩინარი)

სათადარიგო შემადგენლობა: იამანი, შაჰინი, შექერი, კაია, გუნდოღდუ, აგული

მთავარი მწვრთნელი: ტალატ თუნჯელი

მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ირაკლი ქარსელაძე

გოლები: 0:1 ფექელი (67), 0:2 თოფგლი (88)

საქართველოსა და თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 11 ნოემბერს 14:00 საათზე, კვლავ ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება.

www.gff.ge

0.117281