ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შესაძლოა იტალიური „მილანი“ ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „მილანის“ სიტუაცია დრამატული არაა, მაგრამ ახალი მფლობელები გუნდის მდგომარეობით კმაყოფილნი მაინც არ არიან.
შედეგად, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ჯენარო გატზოს კარისკენ მიუთითონ და მას ვენგერი შეცვლის, რომელიც ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ვენგერმა ფეხბურთში დაბრუნება დააანონსა და თქვა, რომ 2019 წლის იანვრიდან სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება.
აქვე გეტყვით, რომ „მილანი“ სერია A-ში 11 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.