პარიზის მასტერსის ნახევარფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი 7:6, 5:7, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა თამაშში ერთი ბრეიკიც კი ვერ შეასრულა, მაგრამ შეხვედრა მაინც მოიგო. 12 შესაძლებლობიდან ნოლემ ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, ხოლო ფედერერმა 2-დან ერთი გამოიყენა.
პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე 6:5-ზე როჯერს სეტ-პოინტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ნოვაკმა 8:6 მოიგო. მეორე პარტიაში 6:5-ზე ფედერერის სასარგებლოდ, შვეიცარიელმა მატჩის ერთადერთი ბრეიკი გაახერხა და ანგარიში გაათანაბრა.
მესამე გადამწყვეტ პარტიაში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. სადაც ისევ ნოვაკმა იმარჯვა, ამჯერად უფრო მარტივად 7:3 და პარიზის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.
ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი ფედერერს 25:22-ს უგებს.