ფეხბურთი

1:38 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შრივადჰანაპრაბჰასთვის

პრემიერლიგის მე-11 ტურის შაბათის მატჩებს, სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ შეუტანია, თუმცა საინტერესო ბევრი რამ მოხდა.

ტურის მთავარ შეხვედრაში, “ემირეითსზე” გათამაშებულ მძაფრსიუჟეტიან თრილერს მაყურებელი ბევრი გოლებით არ გაუნებივრებია, თუმცა მინდორზე ისეთი ცეცხლი ენთო, წამით ვერ მოიწყენდი კაცი. პირველ ტაიმშიც გაუტანეს მეტოქეებმა ერთმანეთს, მაგრამ არცერთი ჩაითვალა.

„ლივერპულის“ გოლი „არსენალის“ მეკარის შეცდომას მოჰყვა. ბრენდ ლენომ უხეიროდ მოიგერია ბურთი და ჯეიმს მილნერმა კინაღამ გახია ბადე.

მაგრამ თამაშის ბოლოსკენ „მეთოფეთა“ არაადამიანურმა პრესინგმა შედეგი გამოიღო და ალეკსანდერ ლაკაზეტიმ გაათანაბრა.

ამისდაკვალად, „არსენალმა“ მე-13 წაუგებელი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირში. ხოლო „ლივერპული“ კვლავაც დაუმარცხებელია პრემიერლიგაში და მინიმუმ ხვალ საღამომდე სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

„ეპიზოდში, როცა გოლი გაგვიუქმეს, თამაშგარე არ ყოფილა. ვან დეიკს შეეძლო ორჯერ გატანა. ასეთები ვარჯიშზე მას თვალდახუჭულს გააქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად, არ გაუმართლა - განაცხადა თამაშის შემდეგ ლივერპულელთა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, - პირველ ტაიმში დაცვის გარჯითაც უკმაყოფილო ვარ. კონტრშეტევებზე კი უბადლონი ვიყავით. მოკლედ, ერთი ქულა მოვიპოვეთ და „არსენალთან“ სტუმრად ეს ცუდი შედეგი არ არის.

მართალია, ჩვენ მსაჯებზე მეტი შეცდომები დავუშვით, მაგრამ ის გოლი რომ ჩაეთვალათ, უკეთესი იქნებოდა. თამაშის შემდეგ ვან დეიკმა მითხრა: დღეს ჰეთ თრიქი უნდა შემესრულებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდაო.“

სხვათა შორის, „ლივერპულმა“ მართლაც მეტი მომენტები შექმნა, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა რომ აქვთ მერსისაიდელებს, ეს არახალია.

უელსში, „ლესტერის“ შემტევმა, დემარაი გრეიმ „კარდიფს“ მეორე ტაიმის დასაწყისში გაუტანა, მაისურა აიწია და მაყურებელს კლუბის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ვიშაი შრივადჰანაპრაბჰას საპატივცემულო წარწერა დაანახა. მსაჯმა ლი პრობერტმა ის უმალ გააფრთხილა და ჯერ სტადიონზე მყოფი სტუმარი ქომაგების რისხვა გამოიწვია, მოგვიანებით კი ლესტერელებმა სოციალური ქსელები ააფეთქეს პატივცემული არბიტრის „მოკითხვებით.“ პათოსი გასაგებია: კაცმა ჩვენს საყვარელ ადამიანს პატივი მიაგო და შენ კი აფრთხილებო. მართლაც უყვარდათ ლესტერში შრივადჰანაპრაბჰა. თამაშიც ძალიან ემოციური გამოვიდა, ეს გოლი კი გამარჯვებისა აღმოჩნდა.

„მანჩესტრმა“ კიდევ ერთი „დაბრუნება“ შემოგვთავაზა. უხეირო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში აშკარად აჯობა „ბორნმუთს“ და დამსახურებულად მოიგო. გამარჯვებისა 92-ე წუთზე ყმაწვილმა მარკუს რაშფორდმა გაიტანა და Opta Sport-ის ინფორმაციით, საკლუბო რეკორდიც გაიმეორა. წლევანდელ სეზონში, ეს რაშფორდის მიერ 90-ე წუთის შემდეგ გატანილი მეორე გოლი გამოდგა. აქამდე, ასეთი რამ, მხოლოდ პოლ სქოულზსა და რობინ ვან პერსის მოეხერხებინათ.

მანჩესტერელთა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიუმ კი თქვა: „პირველი ტაიმი საშინლად ვითამაშეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრემიერლიგაში ყველაზე იღბლიანი მწვრთნელი ვარ, იმიტომ, რომ 5 - 6 გოლი უნდა გაგვეშვა და მხოლოდ ერთი მივიღეთ. ამაზე უარესად თამაში შეუძლებელია - მეთქი. მეორე ტაიმში კი უკეთ ავთამაშდით და 92-ე წუთამდეც უნდა გაგვეტანა.“ - განუცხადა პორტუგალიელმა BBC-ს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-11 ტური, 3 ნოემბერი

არსენალი - ლივერპული 1:1

ლონდონი. „ემირეითსი.“

0:1 მილნერი (61), 1:1 ლაკაზეტი (82)

არსენალი: ლენო, მუსტაფი, კოლაშინაცი (უელბეკი 80), ბელერინი, ჰოლდინგი, იოზილი, მხითარიანი (ივობი 68), ჯაკა, ტორეირა, ობამეიანგი (რემზი 73), ლაკაზტი

მწვრთნელი: უნაი ემერი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, რობერტსონი, გომესი, მილნერი, ვეინალდუმი, ფაბინიო, ფირმინო (შაჩირი 80), სალაჰი (მატიპი 90+5), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ლაკაზეტი (82); ფაბინიო (52)

ვულვერჰემპტონი - ტოტენჰემი 2:3

0:1 ლამელა (27), 0:2 ლუკაში (30), 0:2 კეინი (62), 1:3 ნევესი (68, პენ), 2:3 ხიმენესი (78, პენ)

ბორნმუთი - მანჩესტერი 1:2

1:0 უილსონი (11), 1:1 მარსიალი (34), 1:2 რაშფორდი (90+2)

კარდიფი - ლესტერი 0:1

0:1 გრეი (55)

ევერტონი - ბრაიტონი 3:1

1:0 რიჩარლისონი (26), 1:1 დანკი (33), 2:1 კოულმენი (50), 3:1 რიჩარლისონი (77)

ნიუკასლი - უოტფორდი 1:0

1:0 პერესი (65)

ვესტ ჰემი - ბარნლი 4:2

1:0 არნაუტოვიჩი (10), 1:1 გუდმუნდსონი (45), 2:1 ანდერსონი (68), 2:2 ვუდი (77), 3:2 ანდერსონი (84), 4:2 ჩიჩარიტო (90+2)

0.132764