კალათბურთი

22:22 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი გაბრწყინება (+VIDEO)
28 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება ტრინკიერის “პარტიზანთან”

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის “მეგა ბემაქსი” მე-6 ტურში სერბულსავე “პარტიზანს” დაუხვდა და პირველი მარცხი (74:81) განიცადა, გოგამ კი 32:14 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ათივე (!) ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 43-ს (!) გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. აქვე ვთქვათ, რომ ამ დროისთვის გოგას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 29:00 წუთი, 20.8 ქულა, 9.5 მოხსნა, 1.5 პასი, 0.5 ჩაჭრა, 2.3 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი – 27.
როგორც აღვნიშნეთ, “მეგა ბემაქსმა” მიჯრით 5 მოგების შემდეგ, პირველი მარცხი განიცადა, “პარტიზანმა” კი ამ გამარჯვების წყალობით, მოგება-წაგებათა ბალანსი გაანულა. საინტერესოა, რომ ბელგრადელები ამ მატჩზე ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ანდრეა ტრინკიერიმ გაიყვანა და მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა.
ბითაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 9 ნოემბერს ელის, როდესაც ხორვატიაში აუტსაიდერ “ზადარს” ესტუმრება.

0.115371