18 წლის ქართველი ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.) უნრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა.
ახალკაცი ფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ თამაზ კირაკოზაშვილს უნდა გაჯიბრებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მცირე ტრავმა მიიღო და ტატამზე აღარ გასულა.
შეგახსენებთ, რომ ახალკაცმა ფინალამდე კვიპროსელი კირიაკოს ნიკოლაუ, უნგრელი ბენედეკ ტოტი და გერმანელი ტიმ გრამკოუ დააიპონა, ხოლო ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვოტს ვაზარით სძლია.
თავის მხრივ, კირაკოზაშვილმა გადამწყვეტ შერკინებამდე სამივე მეტოქე – აზერბაიჯანელი სამირ აგაიევი, გერმანელი ტიმო კაველიუსი და ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანი იპონით დაამარცხა, თუმცა, ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში დამატებითი დრო დასჭირდა.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა ალეკო მამიაშვილს, რომელმაც რეპეშაჟში შვეიცარიელი ნილს სტუმპი ვაზარიზე დასცა და მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში რუმინელ მარჩელ გერჩეასაც ვაზარით უგებდა, თუმცა, იპონზე დაეცა.
მანამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი დაან ტენ ჰეუველი და რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ რუფატ მამადოვთან იპონით წააგო.
ევროპირველობის 2 დღის თავზე საქართველოს ნაკრების მონაგარი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერცხლი ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ.) აიღო, ბრინჯაო კი – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.).
ხვალ, გიორში მიმდინარე ტურნირზე დასკვნითი დღეა და საქმეში კიდევ სამ ჩვენებურს ვიხილავთ: კობა მჭედლიშვილი (90 კგ.) პირველ წრეში აზერბაიჯანელ აზარ იაგუბოვს გაეჯიბრება, ონისე სანებლიძე (100 კგ.) მე-2 რაუნდში დანიელ მატიას მადსენსა დ სერბ პეტარ ჩირკოვიჩს შორის უმჯობესს დაელოდება, გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) კი ასევე მე-2 წრეში რუს რუსლან შახბაზოვს დაუპირისპირდება.