ჭადრაკი

14:27 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თეთრებით მხოლოდ ბაციაშვილი იწყებს

რუსულ ხანტი-მანსიისკში სტარტი აიღო მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა (ნოკაუტ-სისტემა) ქალ მოჭადრაკეთა შორის, ტურნირის 64 მონაწილეს შორის კი 5 ქართველიცაა.

წილისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჩვენებურთაგან პირველ ტურში თეთრი ფიგურებით მხოლოდ ნინო ბაციაშვილი გაირჯება, რომლის მეტოქეც შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი გახლავთ.
დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეებს შავი ფიგურები ერგოთ: სოფიკო ხუხაშვილი – ინდოელ დრონავალი ჰარიკას დაუპირისპირდება, ნანა ძაგნიძე – კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს, ბელა ხოტენაშვილი – ვიეტნამელ ფუნგ ვო ტი კიმს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – ჩინელ ჟუ ჯინეერს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა ოლიმპიური სისტემით წარიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად, ფინალამდე, მეტოქეები ორ-ორ პარტიას გამართავენ, საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკზე გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება სტარტს 19 ნოემბერს აიღებს და ტაი-ბრეიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი, გვირგვინოსანი 4 პარტიის თავზე ვერ გაირკვევა.

0.134186