ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად სუპერლიგა? ამაზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ყველაფერმა რეალური სახე მიიღო. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი Football Leaks-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპის 11 გრანდი ახალ ტურნირში ჩაბმაზე მუშაობს.
2016 წლიდან მოყოლებული „რეალი“, პსჟ, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ლივერპული“, „არსენალი“ და „ჩელსი“ სუპერლიგის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ და დოკუმენტების გაფორმებას მიმდინარე წლის ნოემბერში აპირებენ. ხსენებული გუნდების გეგმის მიხედვით დატოვებენ ეროვნულ ჩემპიონატებს, ეროვნულ ფედერაციებსა და უეფას ტურნირებს და სუპერლიგას შეუერთდებიან. საინტერესოა, რომ Der Spiegel-ის ცნობით, ყველაფრის ინიციატორი მიუნხენის "ბაიერნი" ყოფილა, რომელმაც პირველმა დაიწყო სუპერლიგის ტურნირის შექმნაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს.
გეგმის მიხედვით შეიქმნება 16-გუნდიანი ტურნირი, რომელშიც ხსენებულ 11 გუნდთან 5 მიწვეული გუნდი იქნება - „დორტმუნდი“, „რომა“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „მარსელი“.
გარდა ამისა, იგეგმება მეორე დივიზიონის ჩამოყალიბებაც, მაგრამ დამფუძნებელი 11 გუნდი სუპერლიგიდან არ გავარდება. მიზანია, რომ აღნიშნულმა ტურნირმა 2021 წლისთვის სრულად ჩანააცვლოს უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება.
აღსანიშნავია, რომ გერმანულმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ბაიერნი“ ბუნდესლიგისა და უეფას ტურნირების დატოვებას აპირებს. გარდა ამისა, მუშაობს გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელების გაშვება აკრძალოს...
მოგვიანებით ეს ინფორმაცია გერმანული გუნდის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ უარყო.