განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილი: “მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი მაგალითია თქვენი პროფესიონალიზმის. ამასთან, ეს წარმატება გახლავთ სამინისტროს და ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი, მიზანმიმართული მუშაობის და უპირველესად მწვრთნელთა გუნდის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მაღალპროფესიული საქმიანობის.
განსაკუთრებით სასიხარულოა ოქროს მედალი, რომელიც ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე. გენომ გაიმარჯვა ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში, სადაც გამარჯვება კიდევ უფრო რთული და საპასუხისმგებლოა – განსაკუთრებით რთული კი ტიტულის დაცვა და შენარჩუნება. მთლიანობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 მედლის მოპოვება მართლაც დიდი გამარჯვებაა.
საქართველოში ჭიდაობა ყოველთვის იყო და იქნება ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობა. მოჭიდავეები მუდმივად გვანებივრებდით გამარჯვებებით საერთაშორისო სარბიელზე და მიხარია, რომ ეს სასიამოვნო ტრადიცია გრძელდება. თქვენ ხართ ის სპორტსმენები, რომლებმაც უახლოეს დროში ჩვენს ქვეყანას არაერთი დიდი გამარჯვება უნდა აჩუქონ“.
20-28 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა და ჯამში 6 მედალი მოიპოვა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.