რუსულ ხანტი-მანსიისკში ყველაფერი მზადაა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის (ნოკაუტ-სისტემა) სტარტისთვის.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში 64 მოჭადრაკე ჩაერთვება. ტურნირის საზეიმო გახსნა დღეს გახლავთ დაგეგმილი, უშუალოდ პარტიები კი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საწყის რაუნდში ნინო ბაციაშვილი შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს ეთამაშება, სოფიკო ხუხაშვილი – ინდოელ დრონავალი ჰარიკას, ნანა ძაგნიძე – კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს, ბელა ხოტენაშვილი – ვიეტნამელ ფუნგ ვო ტი კიმს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – ჩინელ ჟუ ჯინეერს.
საინტერესოა, რომ ხუხაშვილი, ძაგნიძე და ჯავახიშვილი ხსენებულ მეტოქეებს პირველად გაეჯიბრებიან, ბაციაშვილსა და ხოტენაშვილს კი ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება აქვთ. ნინოს არახამია-გრანტთან დადებითი ბალანსი აქვს. ჩვენებურს ყოფილი თანამემამულე თითოჯერ კლასიკურ ჭადრაკსა და ბლიცში ჰყავს დამარცხებული, რაპიდში კი ყაიმია დაფიქსირებული. ხოტენაშვილს ვო ტი კიმისთვის კლასიკურ ჭადრაკში ერთხელ მოუგია.
ფოტოზე პირველ წრეში სხვა მეტოქეთა სრულ ბალანსსაც გაეცნობით, ის მოჭადრაკეები კი, რომლებიც იქ არ ფიგურირებენ, ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებნიან და შესაბამისად, სტატისტიკური ისტორიაც არ გააჩნიათ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მსოფლიო პირველობა ოლიმპიური სისტემით წარიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად, ფინალამდე, მეტოქეები ორ-ორ პარტიას გამართავენ, საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკზე გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება სტარტს 19 ნოემბერს აიღებს და ტაი-ბრეიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი, გვირგვინოსანი 4 პარტიის თავზე ვერ გაირკვევა.