ფეხბურთი

14:27 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

2021 წლის ევროპის ლიგის ფინალი თბილისში?

2021 წელს, უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალი, შესაძლოა, საქართველოში ჩატარდეს. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უეფა-მ აღნიშნული მატჩის შესაძლო სამ მასპინძელს შორის თბილისური “დინამო არენაც” დაასახელა.

საქართველოს 2 კონკურენტი ჰყავს: ამ დროისთვის განაცხადი გაკეთებული აქვთ ავსტრიის დედაქალაქ ვენას (“ერნსტ ჰაპელი”) და ესპანურ სევილიას (სტადიონი მოგვიანებით დასახელდება).
2021 წლის ფინალებისთვის ინტერესის გამოხატვოს ვადა 26 ოქტომბერს იწურებოდა. უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტისთვის საბოლოო შეთავაზება გაისად 15 თებერვლამდე უნდა იქნას გაგზავნილი, გამარჯვებულთა ვინაობა კი მაისში ანაც ივნისში დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ “დინამო არენამ” 2015 წელს უკვე უმასპინძლა სუპერთასის მატჩს ესპანურ “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის და იმ შეხვედრას უეფა-ს მხრიდან საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. გუნდები მატჩის ორგანიზებით კმაყოფილნი დარჩნენ და თამაშიც (“ბარსამ” დამატებით დროში 5:4 მოიგო) ისეთი გამოვიდა, რომ სტადიონზე შეკრებილი 51 940 მაყურებელი უკმაყოფილო ვერ დარჩებოდა.
ცნობილია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მისაღებად გერმანული მიუნხენი (“არენა-მიუნხენი”) და რუსული სანკტ-პეტერბურგი (“სანკტ-პეტერბურგი”) იბრძოლებენ, სუპერთასისთვის – ბელარუსული მინსკი (“დინამო”), ფინური ჰელსინკი (“ოლიმპიური”), ჩრდილოირლანდიური ბელფასტი (“უინძორ პარკი”) და უკრაინული ხარკოვი (“მეტალისტი”), ხოლო ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის – ჩეხური პრაღა (“ედენი”) და შვედური გიოტებორგი (“გამლა ულევი”).

0.120865