ფეხბურთი

22:28 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისევ "ტორპედო" და ისევ "კაპანაძე - "დინამო" ჩემპიონობას დაშორდა

ერთი წლის წინ, „დინამო არენაზე“ საჩემპიონო შეხვედრაში თორნიკე კაპანაძის გოლმა „ტორპედოს“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოუტანა და „დინამო“ უტიტულოდ დატოვა.

ახლა, ერთი წლის შემდეგ, თორნიკე კაპანაძის გოლმა ისევ გადაწყვიტა ქართული კლასიკოს ბედი. მართალია, „ტორპედოს“ ჩემპიონობაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ „დინამო“ კი ისევ დააშორა ოქროს მედლებს. ეს იყო 22-ე ტურის გადადებული შეხვერდა. კახი კაჭარავას გუნდი თუ გამარჯვებას მოახერხებდა, ლიდერ „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შემცირდებოდა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ყველაფერი დაიძაბებოდა.

თუმცა, „ტორპედოსაც“ ამოძრავებს თავისი მიზნები. ჯერ ერთი, რომ კლასიკო ყოველთვის პრინციპული დაპირისპირებაა, სატურნირო ცხრილი რომც არ არსებობდეს. მეორეც, კახა ჩხეტიანის გუნდი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამასთან, 14-მატჩიანი წაუგებელი სერიით მოვიდა აქამდე.

ჰოდა, მატჩიც შედგა. გოლი კი ერთხელ გავიდა. მეცხრე წუთზე გიორგი ქიმაძის შორეული დარტყმა სიკაჩმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კაპანაძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. რთული წარმოსადგენი იყო, დარჩენილ 80 წუთში გოლი არ გავიდოდა, მაგრამ ასე მოხდა. „ტორპედომ“ მოიგო და მესამე ადგილზე აღზევდა.

აი, „დინამო“ „საბურთალოს“ 6 ტურით ადრე 5 ქულით ჩამორჩება და ყველაფერი მეტოქის ხელთაა. მომდევნო ტურში კი, კიდევ ერთი კლასიკოა. 4 ნოემბერს, ამჯერად უკვე ქუთაისში.

„დინამო“ – „ტორპედო“ 0:1 (0:1)

თბილისი, „დინამო არენა“

„დინამო“ (4-4-2): სიკაჩი; რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 64), კობოური; შულაია, ივანისენია (კუცია 64), ნინუა, შენგელია; ვაწაძე (ქოჩლაძე 71), ზივზივაძე

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

„ტორპედო“ (4-2-3-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა (მარინი 55); გიგაური, ცინცაძე; დოლიძე (კუტალია 66), ქიმაძე, დაფე; კაპანაძე (კუხიანიძე 77)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 0:1 კაპანაძე (9)

გაფრთხილება: ნინუა (34), ლოჩოშვილი (60), კუცია (82) - დაფე (45), კაპანაძე (45), კუტალია (85)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.303326