19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ტიტულს ტიტულზე იგებს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, სერბული “მეგა ბემაქსის” ლიდერი ადრიატიკის ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ამჯერად კი, ჩვენებურის კარგი გარჯა ცნობილმა პორტალმა Eurobasket.com დააფასა და აღნიშნული ტურნირის მე-5 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ სერბული გუნდი გასულ უქმეებზე მონტენეგროში “მორნარ ბარს” ესტუმრა და დაძაბულ მატჩში 84:80 სძლია, ბითაძე კი ტრადიცულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:19 წუთში 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა და მორიგი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
გოგამ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეს შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
აი, რას წერს Eurobasket.com ქართველი ლეგიონერის შესახებ: “გოგა ბითაძე შთამბეჭდავ თამაშს განაგრძობს, რის გამოც მან მორიგი აღიარება დაიმსახურა. 19 წლის კალათბურთელმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა, “მეგა ბემაქსმა” კი მიჯრით მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
გოგა გუნდში მხოლოდ მე-2 სეზონს ატარებს, თუმცა, მის გარეშე “მეგა ბემაქსის” წარმოდგენა უკვე შეუძლებელია. სერბული გუნდის მიერ მოგებულ ბოლო შეხვედრაში ბითაძეს ორქულიანებში ჩინებული შედეგი – 71.4% ჰქონდა.
მთლიანად სეზონში გოგა მე-3 ადგილზეა ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მექულეთა შორის (საშუალოდ 19.4 ქულა), საშუალოდ 2.0 დაფარებას ახორციელებს, თამაშიდან კი 62.5%-ანი მაჩვენებლით ესვრის”.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ “მეგა ბემაქსი” სატურნირო ცხრილს ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 3 ნოემბერს, სერბული კალათბურთის კიდევ ერთ გრანდ “პარტიზანთან” გამართავს.