ძიუდო

17:45 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ფინალში კოსოვოელ აკილ გიაკოვას გადაეყარა და ბრძოლის შუაწელს აღებული ვაზარის წყალობით იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ფინალამდე ყველა მეტოქეს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა. ლაშამ პირველ წრეში იაპონელი ტაკეში დოი 32 წამში დააიპონა, ჩინელ რიგანგ ქსუს 1:52 წუთში სძლია, უკრაინელ არტიომ ხომულასთან შერკინებაში 1:43 წუთში ვაზარი და იპონი ჩაატია, ნახევარფინალში კი შვედ ტომას მაციასთან ვაზარები გაცვალა, 3:12 წუთის თავზე კი ისიც იპონზე დააგდო.
საინტერესოა, რომ აბუ დაბის გრანდ სლემზე ვაჯთა შორის მე-3 წონითი კატეგორია მიილია და სამივეში ჩემპიონობა ქართველებს დარჩათ. შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ.) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ავიდნენ.
ვთქვათ ისიც, რომ დღესვე იგივე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძალები ფრიდონ გიგანმა სცადა, თუმცა, პირველივე ორთაბრძოლა იპონით წააგო ჩეხ იაკუბ იეჩმინეკთან. 81 კგ-ში საქართველოს ღირსებას თამაზ კირაკოზაშვილი იცავდა, რომელმაც გერმანელი ჰანეს კონრადი დააიპონა, შემდეგ კი, მომავალ ნახევარფინალისტ – ირანელ საეიდ მოლაეისთან დამატებით დროში მე-3 შიდო მიიღო.
ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ხუთ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 2 წარმომადგენელი გვყავს 90 კგ-ში: ავთანდილ ჭრიკიშვილი საწყის წრეში ესტონელ კლენ კრისტოფერ კალიულაიდს შეერკინება, ხოლო უშანგი მარგიანი მე-2 რაუნდში თურქმენ ტეიენ ტეიენოვს დაუპირისპირდება.
100 კგ-ში საქართველოს ღირსებას ლაშა ტაველური დაიცავს, რომლის მეტოქეც ჩინელი ბო ჟანგი იქნება. მძიმე წონაში (+100 კგ.) ლევან მატიაშვილი მე-2 რაუნდში ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან გამკლავებას ეცდება, ადამ ოქრუაშვილი კი ბელარუს ვლადისლაუ ციარპიცკისა და ავსტრიელ დანიელ ალერსტოფერს შორის უმჯობესს ელის.

0.105292