საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში გრძელდება ახალგაზრდული საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ქართული დელეგაცია სოლიდური შემადგენლობითაა ჩართული.
ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ კაჭარავას (2373) აქვს, რომელმაც 14-წლამდე ვაჟთა შორის 8 ტურის თავზე 6.5 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. ამ კატეგორიაში 7.5 ქულით ესპანელი პედრო ანტონიო გინეს ესტეო (2288) ლიდერობს.
მე-9 ტურში კაჭარავა შავი ფიგურებით სწორედ პირენეელს ეთამაშება. ამავე კატეგორიაში გიორგი ნაყოფია (1857) 4.5 ქულით მესამოცეა. 14-წლამდე გოგონებში დიანა ლომაია (1876) 5.0 ქულით 29-ე ადგილზეა.
16-წლამდე ვაჟებში ნიკოლოზ პეტრიაშვილს (2343) 5.5 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა, ლიდერი კი სომეხი შანტ სარგსიანი (2463) გახლავთ 6.5 ქულით. 16-წლამდე გოგონათა შეჯიბრში თამარ ესაძე (1911) 4.0 ქულით 46-ე საფეხურზეა.
18-წლამდე ვაჟების ჩემპიონატში ნიკოლოზ ცომაია (2201) 4.0 ქულით 48-ე ადგილზე იმყოფება, ამავე ასაკის გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (2081) 5.0 ქულით მეთვრამეტეა.