1993 წლის 19 სექტემბერს, „რეჯანასთან“ მატჩის მე-80 წუთზე ფაბრიციო რავანელი უცნობმა მე-16 ნომერმა შეცვალა. ზუსტად 1 წუთში კი გოლიც გაიტანა. ეს პირველი თამაში იყო „დელე ალპიზე“, რომელმაც შემდეგი წლების განმავლობაში მისი არაერთი შედევრი შემოინახა. გოლები თინეიჯერი ბიჭუნასთვის მერეც არ ყოფილა უცხო. მაგალითად, „პარმასთან“ პირველი ჰეთ-თრიქიც შეასრულა, მაგრამ მთავარი წინ იყო.
1995 წელს, მარჩელო ლიპიმ რობერტო ბაჯო, რომელიც იქამდე „იუვენტუსის“ კაპიტანი და შეუცვლელი ფიგურა იყო, უკანა პლანზე გადასწია. ლიპი თვლიდა, რომ რობერტოს ალესანდრო დელ პიერო შეცვლიდა.
1995 წლის 13 სექტემბერს იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა და „დორტმუნდს“ ეწვია. ეს მისი პირველი თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად ბევრი რთული ფაქტორისა, დებიუტის, ძლიერი მეტოქისა და არასტუმართ მოყვარე სტადიონისა, ხელი არ შეუშლია, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო. ამ დღეს მხოლოდ 20 წლის იყო და ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. როგორ უნდა შეეცვალა გამხდარ, ჯერ კიდევ პატარა ბიჭს გენიალური რობერტო ბაჯო?! წნეხის მიუხედავად ალესანდრომ პირველივე თამაშში (ჩემპიონთა ლიგაზე) მოახერხა ორი საგოლე პასის გაკეთება (მეორე განსაკუთრებით შედევრალური იყო) და გოლის გატანა, რომელმაც იტალიელი (და არამარტო) კომენტატორი ჭკუიდან შეშალა. ის გამუდმებით გაიძახოდა, Pazzesco (გიჟური), stupendo (მშვენიერი, ულამაზესი)!..
ლამაზი და როგორც იტალიელიები იტყვიან, Pazzesco გოლები დელ პიეროს მანამდეც გაუტანია. მაგალითად, 1994 წლის 4 დეკემბერს, როდესაც სკუდეტოსკენ მიმართული „იუვე“ „დელე ალპიზე“ „ფიორენტინას“ ვერ ამარცხებდა. თუმცა, 20 წლის „პინტურიკიომ“ მოედნის ცენტრიდან გაკეთებული გადაცემა ერთი შეხებით თან დაამუშავა, თან დაარტყა და თან ტანმაღალ ფრანჩესკო ტოლდოს დაუჯერებელი, არამაქვეყნიური მოძრაობით თავზე გადაავლო ბურთი, რომელიც მეკარის ზურგს უკან ბადეში მოექცა. „იუვემ“ ამ გოლით 3:2 მოიგო და უკვე ყველა დარწმუნდა, რომ იტალიას ახალი ოქროს ბიჭუნა ეზრდებოდა.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამ სეზონში დელ პიერომ გუნდს ულიდერა და საბოლოოდ მიყვანა ჩემპიონთა ლიგის თასამდე, რომელიც ტურინელთა ისტორიაში მეორე გამოდგა. ალექსმა ჯგუფურ ეტაპზე ისევ გაიტანა გოლები, "აიბროქსზე" "რეინჯერსთან", "დელე ალპიზე" "სტიუასთან" ჩვეულ სტილში, როდესაც საჯარიმოს კუთხიდან ე.წ პარაშუტით მეკარე ისევ უშანსოდ დატოვა და კომენტატორები ისევ გააოგნა. საოცარი ჯარიმა ისევ "რეინჯერსთან".... მაგრამ განსაკუთრებით ფასეული იყო მეოთხედფინალში, მადრიდის "რეალის" კარში გატანილი ჯარიმა, რომელმაც "სამეფო კლუბის" ძლევას სათავე დაუდო. ალექსი რომში, "აიქსთან" ფინალში მოედანზე იყო, თუმცა პენალტის დარტყმა არ დასცალდა, მისმა თანაგუნდელებმა მეხუთე გადამწყვეტ დარტყმამდე, რომელიც 21 წლის ბიჭის მოლოდინში იყო, გადაჭრეს პრობლემა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგეს.
შედეგად, ალესანდრო არიგო საკიმ იტალიის ნაკრებში მიიწვია, სადაც ევროპის ჩემპიონატზე პირველივე თამაშში ენდო. მაგრამ საკიმ მაინც ვერ გარისკა და ალბათ საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო, სათადარიგო სკამზე გადაისროლა. შედეგად, "აძურა" ჯგუფში ჩარჩა და საკის პოსტის დატოვება მოუწია.
ამასობაში 1996-1997 წლების სეზონი იწყებოდა. როგორც მოგვიანებით მაჩელო ლიპი იტყვის, ეს იყო მისი ფორმაციის საუკეთესო "იუვენტუსი". მართლაც ასე იყო. ტურინელებმა სკუდეტო ადვილად მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალს ძალიან დამაჯერებლად, დაუმარცხებლად უწიეს.
"იუვემ" ჯგუფში ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა და 6-დან 5 თამაში მოიგო. მათ შორის, ორჯერ სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერთან". "ოლდ ტრაფროდზე" 1996 წლის 20 ნოემბრამდე არათუ "იუვენტუსს", არამედ არცერთ იტალიურ გუნდს გამარჯვება არ მოეპოვებინა. იმ დღეს კი "ოცნების თეატრში" ოცნების ფეხბურთელის წარმოდგენა დაიდგა. "იუვენტუსმა" ნავსი გატეხა და გახდა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" მოიგო. ერთადერთი გოლი გავიდა, პენალტით. 35-ე წუთზე, საჯარიმოს კუთხესთან ბურთს ალესანდრო იღებს, რომელიც 21 წლის რამდენიმე დღის წინ შესრულებულიყო. იტალიელი ფანტაზისტა აჩქარებას იწყებს და ინგლისელი ნიკი ბატი მის ფეხს დაუფიქრებლად, გაუზრებლად ეხება. საკამათო არაფერია, ესპანელი არბიტრი პენალტს მასპინძელთა კარში ნიშნავს. თუმცა, ამ პენალტსაც ხომ გატანა უნდა? ბურთთან დელ პიერო მიდის, რომლის ოპონენტი თვით პეტერ შმეიხელია, მრავლის მნახველი და გიჟი დანიელი, რომლის დაჩაგვრა ადვილი არაა. ალექსი რკინის ნერვებს აჩენს და ისე ძლიერად და ზუსტად ურტყამს, რომ მეკარეს შანსი არ ჰქონია. ეს გამარჯვება იყო. გამარჯვება, რომელმაც ისტორია შეცვალა.
„დელ პიერო საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“, - თქვა „წითელ ეშმაკთა“ მარჯვენა მცველმა გარი ნევილმა.
ამ თამაშიდან 6 დღეში, „იუვე“ ტოკოიში იყო, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტულისთვის „რივერ პლეიტს“ ეჯიბრებოდა. ისევ ერთი გოლი გავიდა და ისევ ალესანდრო იყო გმირი. სწორედ მან მოუტანა „ბებერ სინიორას“ ისტორიაში მეორე საკონტინტეთაშორისო თასი.
ჩემპიონთა ლიგაზე კი, „იუვენტუსმა“ ჯგუფში „მანჩესტერსა“ და „ფენერბახჩეს“ ორივე თამაში მოუგო და მხოლოდ „რაპიდთან“ სტუმრად დაკარგა ორი ქულა. მერე მეოთხედფინალში „როსენბორგს“ სძლია, ხოლო ნახევარფინალში ამსტერდამის „აიაქსი“ 2:1, 4:1 დაამარცხა და ფინალში დამაჯერებლად გავიდა. ფინალი მიუნხენში იყო ჩანიშნული და მეტოქე „დორტმუნდი“ იყო. ეჭვი არავის ეპარებოდა, „იუვენტუსი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო. თუმცა, რა მოხდა, „ოლიმპიაშტადიონზე“ალბათ ვერცერთი ტურინელი ფეხბურთელი ახსნის. „ბებერი სინიორა“ დიდ უპირატესობა ფლობდა, მაგრამ გერმანელთა ლამის ყველა შეტევა გოლით დასრულდა. ლიპი კი შეცდა, მარგალიტი მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართო თამაშში და სწორედ მან, 65-ე წუთზე შეძლო გერმანელთა კარის დალაშქვრა, როდესაც ალენ ბოკშიჩის ფლანგურ გადაცემას თითქმის უიმედო სიტუაციაში ქუსლით მოხდენილად და შედეგიანად შეუცვალა მიმართულება.
ამასობაში სეზონიც დასრულდა და ჯერ სანაკრებო ბატალიებზე მიდგა. 1997 წელს, მუნდიალამდე ერთი წლით ადრე, საფრანგეთმა ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც დღემდე დაუვიწყარია გულშემატკივართათვის. და, დაუვიწყარია ამ ტურნირის გამორჩეული მატჩი - კლასიკა: ბრაზილია - იტალია. „სკუადრა აძურას“ დელ პიერო ლიდერობდა, რომელმაც სამხრეთ ამერიკელ მცველებს სისხლი გაუშრო და ორჯერ გაუტანა კიდეც.
მერე ჯერი 1997-1998 წლების სეზონზე მიდგა, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა რა ტალანტს ატარებდა დელ პიერო. „იუვემ“ ისევ მოიგო სკუდეტო და ამაში ტურინელთა კუმირის წვლილი უდიდესი იყო. სერია A 21 გოლით დაასრულა და მათ შორის, ერთი „ინტერს“ გაუტანა 26 აპრილს, სკუდეტოს გადამწყვეტ ბრძოლაში და „იუვემ“ 1:0 მოიგო. პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზე მარჩელო ლიპის გუნდი ისევ მიიწევდა ტრიუმფისკენ. ფილიპო ინძაგი და ზინედინ ზიდანი ბრწყინავდნენ, მაგრამ ალესანდრო დელ პიერო მაინც სხვა დატვირთვა იყო. ალექსმა 10 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიგო. გარდა ამისა, გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ლიგაზე ერთ სეზონში ორნიშნა ციფრს უწია. 10 გოლიდან ერთი ისევ „ოლდ ტრაფორდზე“ გაიტანა, როცა შეხვედრის მე-20 წამზე მცველსა და მეკარეს ერთი მოძრაობით ფანტასტიკურად გაუსწორდა. სამი „მონაკოს“ გაუტანა ნახევარფინალში „დელე ალპიზე“, ხოლო ერთიც, ძალიან ლამაზი გოლი ისევ მონეგასკებს, უკვე მონტე კარლოში.
ფინალი ისევ ცუდი სცენარის გამოდგა. დელ პიერომ ტრავმირებულმა ჩაატარა „ამსტერდამ არენაზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ „იუვე“ კვლავ აშკარა ფავორიტი იყო, მაინც დამარცხდა - 0:1.
წინ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. „სკუადრა აძურას“ მაშინდელ თავკაც ჩეზარე მალდინის ფართო არჩევანი ჰქონდა, მაგრამ დელ პიეროზე კითხვის ნიშანი არ არსებობდა. 10-ნომრიანი მაისურიც მას ერგო, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში იყო რობერტო ბაჯო. მუნდიალზე დელ პიეროსკენ გაბწრყინებას ელოდნენ, მაგრამ ტურნირს ის ტრავმირებული შეხვდა. სწორედ ამიტომ, პირველი თამაში გაუცდა, ხოლო მეორეში მხოლოდ ცვლილებაზე გამოჩნდა მინდორზე. საბოლოოდ, მალდინიმ ბაჯოსა და ალექსის ერთად გამოყენებაზე უარი თქვა და იტალიამ სვლა მასპინძელ საფრანგეთთან მეოთხედფინალში დაასრულა.
ალესანდრო კრიტიკის მსხვერპლი გახდა, რადგან ჟურნალისები თვლიდნენ, რომ მის გამო მალდინი ბაჯოს ნაკლებად ენდობოდა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ 1998 წელს ალექსი „ოქროს ბურთს“ მოიგებდა, მუნდიალზე ზიდანს რომ არ გაებრწყინა... მთავარი იმედგაცრუება კი წინ იყო. 1998 წლის 8 ნოემბერმა დელ პიეროს კარიერა სამუდამოდ შეცვალა. უდინეში, „ფრიულის“ სტადიონზე, 24-ე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, დელ პიერომ ფეხი მოიტეხა და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. ერთწლიანი იძულებითი პაუზის მიუხედავად კლუბმა ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. მის გარეშე კი „იუვენტუსი“ საკუთარ თავს არ ჰგავდა. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხე ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ნახევარფინალში დამარცხდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში უჩვეულოდ ცუდად ითამაშა და მეშვიდე ადგილზე გავიდა.
გამოჯანმრთელებულ ალექსს კი კლუბში ბევრი ცვლილება დახვდა. მთავარი - აქ აღარ იყო მარჩელო ლიპი, რომელიც თვალდახუჭული ენდობოდა. მის შემცვლელ კარლო ანჩელოტის კი სხვა გეგმები ჰქონდა. ალექსს ძალიან გაუჭირდა ძველ კონდიციებში დაბრუნება და რეალურად კარიერის ბოლომდეც ვერ მოახერხა. თავდაპირველად, მას გოლები მხოლოდ 11-მეტრიანი ნიშნულიდნა გაჰქონდა და სათადარიგო სკამზეც ხშირად იჯდა. ასე იყო 2001 წლის 18 თებერვალს, როდესაც „იუვე“ „ბარის“ ვერ ამარცხებდა. ანჩელოტიმ მეორე ტაიმში მაინც გადაწყვიტა მისი თამაშში ჩართვა. ალექსი შევიდა და ჩვეულ სტილში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან ახლად გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ფსოქოლოგიური პრობლემებიც მოეხსნა.
მანამდე კი იყო კოშმარული ევრო 2000. დღემდე, დელ პიერო მთავარ დამნაშავედ მიიჩნევა იმაში, რომ „სკუადრა აძურამ“ ფინალი საფრანგეთთან წააგო, საქმე ისაა, რომ როდესაც იტალია 1:0 იგებდა, ალესანდრო მეკარესთან ორიჯერ გავიდა პირისპირ, მაგრამ ანგარიში ვერ გაზარდა და საბოლოოდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა.
2001 წელს, „იუვენტუსში“ მარჩელო ლიპი დაბრუნდა და ალესანდროს თავდასხმის ხაზში ახალი მეწყვილე ჰყავდა - დავიდ ტრეზეგე. დელ პიერო დაუბრუნდა ძველ სიმაღლეს და გოლების გატანა ისევ დაიწყო. გაიტანა, 2002 წლის 5 მაისსაც, როდესაც უდინეში, იმ წყეულ სტადიონზე, ტურინელებმა სკუდეტო ცხვრიწინ ააცალეს მილანის „ინტერს“.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, იტალია ფავორიტი იყო. ჯოვანი ტრაპატონი დელ პიეროს არ ენდობოდა და აქცენტს ფრანჩესკო ტოტიზე აკეთებდა. მაგრამ ეს არ ამართლებდა. მესამე ტურში იტალია მექსიკასთან მარცხდებოდა და დიდი ალბათობით წააგებდა კიდეც, რომ არა დელ პიერო. ალექსმა თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მისთვის არადამახასიათებელ სტილში, თავით ვარდნაში გაიტანა და იტალია დიდი სირცხვილისგან იხსნა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება იმ ადამიანებზე, რომლებიც ორი წლის წინანდელ ჩავარდნას აბრალებდნენ. თუმცა, იტალიას მაინც არ ელოდა დიდი გზა აზიაში და მერვედფინალიდან სამშობლოში დაბრუნდა.
წლის ბოლოს ალესანდრო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მსოფლიოს საუკეთესო ათეულშიც მოხდა. მძიმე ტრავმის შემდეგ ეს მისი პირველი აღიარება იყო.
2002-2003 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ გავიდა. ნახევარფინალში ტურინელებმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს და კაპიტანმა ამაში დიდი როლი ითამაშა. მაგრამ, ფინალში იმედგაცრუების ჯერი იყო. „მილანთან“ „ნაცნობ“ „ოლდ ტრაფორდზე“ ალესანდრომ თავისი წილი პენალტი ზუსტად დაარტყა იმ კარში, სადაც პეტერ შმეიხელს 7 წლის წინ გაუტანა, მაგრამ თანაგუნდელები მეტისმეტად სცოდავდნენ.
2004-2006 წლები დელ პიეროსთვის რთული გამოდგა. „იუვენტუსი“ იმარჯვებდა, მას გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ ძირითადად მხოლოდ შეცვლებზე უწევდა თამაში. ფაბიო კაპელოსთან მის ურთიერთობას იდეალური არ ეთქმოდა. მიუხედავად ამისა, თავისი სიტყვა მაინც თქვა. 2005 წლის 8 მაისს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებული იყო და კაპელო იძულებული გახდა, საჩემპიონო შეხვედრაში, "სან სიროზე" "მილანთან" დელ პიეროსთვის მიეცა შანსი. "იუვენტუსმა" "მილანი" 1:0 დაამარცხა, ხოლო ერთადერთი გოლი დავიდ ტრეზეგემ ალესანდროს გენიალური პასის შემდეგ გაიტანა. ალესანდრომ ჯენარო გატუზოსთან ორთაბრძოლაში მაკრატელა საგოლე პასით ტურინელებს მორიგი ტიტული მოუტანა.
იტალიის ნაკრებს კი მარჩელო ლიპი წვრთნიდა, რომელმაც მუნდიალზე წაიყვანა. მუნდიალზე, რომელიც ტრიუმფალური გამოდგა. დელ პიერო ტოტის დუბლიორის როლში იყო, მაგრამ ნახევარფინალში დორტმუნდში, მასპინძელ გერმანიასთან თავისი წონადი სიტყვა თქვა. იტალია უკვე ამარცხებდა მეტოქეს დამატებითი დროის ბოლო წუთზე, მაგრამ ალექსმა საბოლოო ლურსმანი ჩააჭედა გერმანელთა სამარეში. როდესაც „აძურამ“ კონტრშეტევა დაიწყო, ის საკუთარ საჯარიმოში იყო, მაგრამ დაახლოებით 80 მეტრი წამებში უბურთოდ გაირბინა და ერთი შეხებით დააგვირგვინა შეტევა, რომელიც საფეხბურთო სახელმძღვანელოებშია შესატანი. ესეც ერთგავრი შურისძიება იყო და შურისძიება იყო ისიც, რომ ფინალში სწორედ საფრანგეთთან, დელ პიერო აღარ შეცდარა და პენალტების სერიაში გაიტანა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის კვალდაკვალ ალესანდრო „იუვენტუსი“ რთულ დღეში იყო. კალჩოპოლის სკანდალის გამო ტურინელები ქვედა ლიგაში დააქვეითეს. იტალიელს მსურველები არ აკლდა და მათ შორის, თვით სერ ალექს ფერგიუსონი იწვევდა, მაგრამ დელ პიერომ თავისი გუნდი გასაჭირში არ მიატოვა.
„ნამდვილი კავალერი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს“, - ასე ახსნა ალექსმა საკუთარი გადაწყვეტილება.
დელ პიერომ სერია B-ში გუნდს ულიდერა, საუკეთესო ბომბარდრი გახდა და ელიტაში პირველივე შესაძლებლობაზე დააბრუნა. „ფროზინონესთან“ ნოემბერში კი, შავ-თეთრი მაისურით მეორასე გოლიც გაიტანა.
იქამდე, 2005 წლის ოქტომბერში, „მესინასთან“ გოლით ჯამპიერო ბონიპერტის რეკორდი დაამხო და „იუვენტუსის“ ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიც გახდა. სერია A-ში დაბრუნებული „იუვენტუსმა“ კი იმდენი მოახერხა, რომ პირველივე სეზონში სამეულში მოხვდა, ხოლო ამაში კაპიტნის როლი დიდი იყო. 21 გოლი გაიტანა და არამარტო გუნდის, არამედ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს, 2007-2008 წლების სეზონში, როდესაც დელ პიერო 33 წლის იყო.
კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე 2008 წლის 5 ნოემბერია. „იუვენტუსი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ სტუმრობდა. იქამდე, ორი კვირით ადრე, „იუვეს“ შინ დაემარცხებინა მარადიული მეტოქე და დელ პიეროს უკვე გაეტანა მადრიდელთა კარში ზღაპრული გოლი. თუმცა, მთავარი წინ იყო. მადრიდში ალექსის დუბლით „ბიანკონერიმ“ 2:0 მოიგო, ხოლო 87-ე წუთზე, როდესაც კლაუდიო რანიერიმ დელ პიერო შეცვალა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკა ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით გააცილა.
ასეთი პატივი ერთეულების ხვედრია. კიდევ უფრო დიდი პატივია, როდესაც „ოლდ ტრაფორდიც“ აპლოდისმენტებით ეგებება მეტოქეს. 2011 წლის მაისში, გარი ნევილი ფეხბურთიდან მიდიოდა და ინგლისელის სურვილით „ოცნების თეატრს“ „იუვენტუსი“ ეწვია. პუბლიკა კი ნევილთან ერთად იმ დღეს ალესანდროსაც აფასებდა და ტაშიც გააცილეს. მანჩესტერელ ქომაგებს ძალიან კარგად ახსოვდათ მეოცე საუკუნის ბოლოს პატარა იტალიელის გენიალური თამაშები მათი გუნდის წინააღმდეგ.
2008 წელი დელ პიეროს კარიერაში საუკეთესო იყო ტრავმის შემდეგ. ამაზე შედეგებიც მეტყველებენ. წლის ბოლოს ალესანდრო იტალიის არამარტო საუკეთესო ფეხბურთელი, არამაედ საუკეთესო სპორტსმენიც გახდა და ეს დიდი აღაირება 34 წლის ასაკში...
ალესანდროს ბოლო აკორდი 2011-2012 წლების სეზონი იყო. სეზონი, როდესაც ის დაემშვიდობა არამარტო „იუვენტუსს“, არამედ ევროპას. ძველი მეგობარი ანტონიო კონტე კაპიტანს მთელი სეზონი არ სწყალობდა და ძირითადად სათადარიგო სკამზე ტოვებდა. მაგრამ, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა, დაეყრდნო. 2012 წლის აპრილში, როდესაც სეზონი ფინიშის ხაზთან იყო, ხოლო „იუვენტუსი“ და „მილანი“ სკუდეტოსთვის იბრძოდნენ, ტურინს „ლაციო“ ეწვია. მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულა სჭირდებოდათ, მაგრამ მეტოქეს ვერ ამარცხებდნენ. ბოლოს, ჯარიმა დაინიშნა, რომელიც დელ პიერომ უზადოდ შეასრულა და ეს ნიშნავდა გამარჯვებას. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი ღირსეულად დასრულდა. ეს იყო ალესანდრო მეშვიდასე მატჩი შავ-თეთრი მაისურით, რაც წარმოუდგენელი ციფრია.
2012 წლის 13 მაისს, ტურინში ბოლოჯერ ითამაშა. სიმბოლურია, რომ გამოსამშვიდოდბებლ თამაშში, „ატალანტასთან“ გოლიც გაიტანა და მერე სკუდეტოც თავს ზემოთ აღმართა. მე-60 წუთზე ის შეცვალეს, რომ ქომაგებს დამშვიდობებოდა. მატჩისთვის ბოლო ნახევარ საათში არავის უყურებია, ყველა ლეგენდარულ კაპიტანს ემშვიდობებოდა. დელ პიერომ უარი თქვა 10 ნომრის გაუქმებაზე და აღნიშნა, რომ როდესაც, მიშელ პლატინის თამაშებს უყურებდა, ოცნებობდა, რომ „იუვენტუსის“ 10 ნომერი გამხდარიყო და არ სურდა ეს ოცნება ახალი თაობისთვის ხელიდან გამოეცალა...
მერე იყო ავსტრალია, „სიდნეი“ და ინდოეთი, „დელი დინამო“. თუმცა ეს უფრო გართობას ჰგავდა. კონელიანოელი ბიჭის კარიერა კი შედგა.
მისი კარიერა სამ ნაწილად იყოფა: 1998 წლის 8 ნოემბრამდე, 2006 წლის ზაფხულამდე და შემდეგ. და, ვინ იცის, რომ არა, უდინეს წყეული საღამო...