ბელგიის იუპილერ ლიგის მე-12 ტურის საწყის შეხვედრაში "გენტმა" "შარლერუა" 2:1 დაამარცხა და მატჩის გმირი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ჩვენებური აგრძელებს ბრწყინვალე თამაშს და თუ გასულ ტურში ერთ გოლს დასჯერდა, ამჯერად დუბლი გაიფორმა.
გიორგიმ 36-ე წუთზე თავური დარტყმით ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო 48-ე წუთზე უკვე ფეხით მოახერხა მეტოქის დამწუხრება.
ჩაკვეტაძეს "გენტის" მაისურით 3 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში და სამივე, ახალი მთავარი მწვრთნელის იეს თორუპის დანიშვნის შემდეგ გაიტანა. "გენტმა" კი ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 20 ქულით მეხუთე ადგილზეა.