მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის მეხუთე მოდულს შვეიცარიამ უმასპინძლა. ნიონში, უეფას ორგანიზებით, მწვრთნელთა PRO-ლიცენზიის ქართველი მაძიებლები ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
მეხუთე მოდული 22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მას უეფას ინსტრუქტორებთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, გენერალური მდივნის მოადგილე, ფეხბურთის განყოფილების დირექტორი, ჯორჯო მარკეტი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი ესწრებოდნენ.
მე-5 მოდული, ტრადიციულად, თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავდა. განხილულ თემებს შორის მწვრთნელის მნიშვნელობა, საფეხბურთო ფილოსოფია, კომუნიკაციის უნარები და აუცილებლობა და გადაწყვეტილების მიღება იყო. უეფას მოწვეულმა ლექტორებმა ყურადრება სპორტში სამართლიანობის პრინციპებზეც გაამახვილეს. სწავლება სხვადასხვა მატჩის განხილვასა და ანალიზს მოიცავდა.
მწვრთნელთა განათლების მომდევნო მოდული კვლავ თბილისში, დეკემბრის მიწურულს გაიმართება.
www.gff.ge