ჭიდაობა

20:01 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმია რეპეშაჟის ფინალშია, ხუჭუაც ბრინჯაოს გზაზე გადავიდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა სწორედ ევროპირველობის მსგავსად, ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან წაგებით (3:6) დაკარგა.

2018 წლის სეზონში ბრინჯაოს დუბლის შესასრულებლად წურწუმია ხვალ იჭიდავებს. რეპეშაჟის ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელისგან ძლეულ უნგრელ, ჩინელ და იაპონელ მოჭიდავეებს შორის უძლიერესი იქნება.

დღეს უნგრულ ხალიჩაზე წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გაიმართა. საქართველოს ნაკრების სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ნუგზარ წურწუმიას გარდა ჩაებნენ ლაშა მარიამიძე (63 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ), მაგრამ საჩემპიონო ბრძოლას სამივე გამოეთიშა. ლაშა მარიამიძის მომგებმა თურქმა რაჰმან ბილიჩიმ და გობაძის მომგებმა – ირანელმა საეიდ აბდვალიმ ფინალს ვერ მიაღწიეს ქართველებს ბრინჯაოს გზაც ჩაუკეტეს. გიორგი ხუჭუა (72 კგ) კი ხვალ დილიდან რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გერმანელ ფრანკ შტებლერს მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. მესამე ადგილის დასაკავებლად ხუჭუას სამი შეხვედრის მოგება დასჭირდება. მან რუსეთის ნაკრების წევრ მანციგოვს, ყაზახ ჟადრაიევსა და აზერბაიჯანელ ჩუნაევს უნდა აჯობოს.

ხვალვე ჩაებმებიან საქმეში დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ). მათ წონებში წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

0.119762