სხვა

22:22 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავითაძე ევროპის ჩემპიონია!

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის 2018 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან წარმატებას პოლონეთის ქალაქ ზამოსცში მიმდინარე შეჯიბრზე მიაღწია, სადაც 20-წლამდელთა პირველობის 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ დავითაძემ ექვსივე ცდის გამოყენება მოახერხა. რეზიმ ატაცში 158, 163 და 165 კგ. დასძლია, ლატვიელ რიტვარს სუჰარევს 1 კგ-ით გაასწრო და მცირე ოქროს მოპოვება შესძლო.
ქართველი ძალოსანი აკვრაში 186, 192 და 196 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა და ვინაიდან ბოლო წონა სუჰარევსმა პირველმა დასძლია, ამ მოძრაობაში ვერცხლს დასჯერდა, საერთო ჯამში კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
დავითაძის ჯამური მონაგარი 361 კგ. გახლდათ, რაც ლატვიელ ძალოსანზე 1 კგ-ით უკეთესი აღმოჩნდა, ბრინჯაოს მედალი კი პოლონელმა ბარტლომეი ადამუსმა (344 კგ.) მოიპოვა.
ამავე წონაში ძალები ნოდარ კაკაბაძემაც სცადა, რომელიც ატაცში მხოლოდ 145 კგ-ს გაუმკლავდა, 150 და 152 კილოგრამიანი შტანგა კი დაუვარდა და მე-7 იყო. ჩვენებურმა აკვრაში 2 მისვლა (175 და 182 კგ.) გამოიყენა, 187 კგ. კი მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა და მე-6 შედეგი ჰქონდა. ჯამური 327 კგ-ით კაკაბაძე მე-7 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) მოიპოვა, დანარჩენი ქართველი ძალოსნების განრიგი კი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):

25 ოქტომბერი, 19:00 საათი: ანტონ პლესნოი 94 კგ.
26 ოქტომბერი, 18:00 საათი: ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი, 11:00 საათი: ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი, 13:00 საათი: დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: გიორგი ჩხეიძე +105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: ბაქარ თურმანიძე +105 კგ.

0.134599