სხვა

20:33 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ხუციბერიძე: “როდესაც გავიგე, რომ პირველზე ვიყავი, საკუთარი გულის ცემა მესმოდა”

ბუენოს აირესში დამთავრებულ ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მოუტანა, ვინც 9 ოქტომბერს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხუციბერიძე ჩვენი გუნდის ფეხბედნიერი მეკვლე გამოდგა და მხოლოდ იმ დღეს ქართულმა დელეგაციამ კიდევ ორი ვერცხლი დაისაკუთრა, მთლიანად თამაშები კი ჩვენთვის რეკორდული გამოდგა და ყველაზე მეტი – 6 მედალი დავისაკუთრეთ. მათ შორის ოქროც, რაც აქამდე არ გვქონია.
“ამ თამაშებისთვის დიდი შემართებით ვემზადებოდი” – გვითხრა ხუციბერიძემ. “ისევ და ისევ ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა და ბოლომდე გამომევლინა ის. არ მიფიქრია იმაზე, რომ რომელიმე კონკრეტული ადგილზე გავსულიყავი ან რომელიმე სინჯის მედალი მომეპოვებინა. ეგ კი არა, სროლის პროცესში ფინალში გასვლაზეც არ მიფიქრია – ვცდილობდი, მაქსიმალურად კარგად მემუშავა.
როცა ფინალში გავედი, ვეცადე, ეს სამუშაო განწყობა შემენარჩუნებინა და ზედმეტად არ გამხარებოდა, ამას ხელი რომ არ შეეშალა სროლაში. ერთი სიტყვით, მოტივირებული ვიყავი, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შევძელი მობილიზება, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. მით უფრო, როცა ჩემი გვარ-სახელი გავიგონე და გავიგე, რომ პირველზე ვიყავი – საკუთარი გულის ცემა მესმოდა, იმდენად ვინერვიულე. ბოლომდე მაინც ვერ გავუძელი.
ცხადია, გულიც დამწყდა, რადგან უფრო უკეთესად გამოსვლაც შემეძლო – 0.1 მეათედით წავაგე მეორე ადგილოსანთან და სულ რამდენიმე მეათედით – გამარჯვებულთან. დიდი განსხვავება რომ ყოფილიყო, იმდენად არ დამწყდებოდა გული, თუმცა, საბოლოოდ, შედეგით კმაყოფილი ვარ. ოღონდ არა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლით, სადაც ჩავარდნა მქონდა, მაგრამ ფინალში ნორმალურად ვისროლე სხვა ფინალებისგან განსხვავებით.
ამ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალოსანი რომ გავხდი, ეს კიდევ ცალკე სიხარული იყო. ეს მედალი რწმენის თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, წლეულს წარმატებული სეზონი მქონდა ახლა უფრო შემართებით ვარ. მით უფრო, შემდეგ დიდ შეჯიბრებამდე დიდი დროა მოსამზადებლად და მაქსიმალურად ვეცდები, კარგად ვივარჯიშო”.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.11359