ფეხბურთი

19:23 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასპში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო!

23 ოქტომბერს, კასპში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და ფეხბურთის განვითარებისა და რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში აღნიშნული პროექტის როლზე ისაუბრეს.

ლევან კობიაშვილი: „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ამ ტერიტორიაზე ცენტრალურ სტადიონთან ერთად მოეწყობა მინი მოედანი, რომელიც ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ქალაქ კასპში არამედ მთელს რეგიონში, ფეხბურთის განვითარებას. ვიცით, რომ აქ ბევრი ბავშვია, ვისაც სურს ფეხბურთის თამაში და ჩვენი მიზანი სწორედ ამ სურვილის ხელშეწყობაა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ აქ მოთამაშე ბავშვებს ეროვნული ნაკრების დონეზე ეთამაშოთ, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდრებასა და ახალგაზრდა თაობის სპორტში ჩართულობას. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ესაა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია ამ სტადიონის აშენებას ვერ შეძლებდა, აქედან გამომდინარე მსურს ყველას მადლობა გადავუხადო.“

კასპის სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სრული დაფინანსებით კი, მოეწყობა 520 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატის ოთახები. ამასთან ერთად, სტადიონზე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება.

www.gff.ge

0.145569