საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ “გიპუზკოა ბასკეტის” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.
სანაძისა და ბექა ბურჯანაძის (ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა) გუნდი ბადალონას “ხუვენტუტს” ესტუმრა და 64:88 დამარცხდა, დუდა კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:59 წუთში 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“გიპუზკოა ბასკეტს” ესპანურ ACB ლიგაში ხუთივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 ოქტომბერს, შინ, “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.