სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

1:23 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, სანებლიძემ ბრინჯაო მოიპოვა!

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა. გადამწყვეტ შერკინებაში გელამ ავსტრიელი სტეფან ჰეგი ვაზარიზე დააგდო, იქვე შებოჭა და ვადამდელი გამარჯვება იზეიმა.

სათქმელია, რომ ზაალიშვილი ფინალამდეც ძალიან დამაჯერებლად მივიდა. გელამ იაპონელი ტაცურუ საიტო იპონზე 14 წამში დასცა, ჩილელ ფრანსისკო სოლისს საქმე 49 წამში მოუთავა, რუსი ჯამალ გამზატხანოვი კი ბეჭებზე 2:07 წუთში გააკრა.
დღესვე კვარცხლბეკზე ასვლა ონისე სანებლიძემაც (100 კგ.) მოახერხა. ის ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც გერმანელი ივო ვიტასეკი დააიპონა, მეოთხედფინალში კი ასევე ვადაზე ადრე დანიელ მატიას მადსენს აჯობა. ონისე ნახევარფინალში ჰოლანდიელ სიმეონ კატარინას გადაეყარა და დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი ვაზარით უკვე თავად აჯობა კანადელ შადი ელნაჰასს. ამავე წონაში ზაურ კენჭაძემ პირველივე ორთაბრძოლა დათმო (“გოლდენ სქორში”, ვაზარით) გერმანელ დანიელ ზორნთან.
დღესვე ტატამზე საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი სოფიო სომხიშვილიც (+78 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც ავსტრიელ მარია ჰოელვარტს იპონით აჯობა, მერვედფინალში კი მომავალ ოქროს მედალოსან – იაპონელ ჰიკარუ კოდამასთან ძალიან პასიურად გამოიყურებოდა და 3 შიდოს გამოისობით დამარცხდა.
ამგვარად, ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (გასულ დღეებში ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ბრინჯაოები კი ჯაბა პაპინაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მიითვალეს) და მხოლოდ იაპონიას (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) ჩამორჩა.
ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი დღეს გუნდური ასპარეზობით დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113482