ფეხბურთი

23:15 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

განრისხებული მოუ და ჯენტლმენი სარი

პრემიერლიგის მე-9 ტურის, “ჩელსი“ – „მანჩესტერის“ მატჩის ბოლო წამებზე, სტუმართა დამრიგებელი, ჟოზე მოურინიუ გააფთრებული წამოხტა და მეტოქის სათადარიგო სკამისკენ გავარდა, მაგრამ დაცვამ შეაჩერა...

პორტუგალიელი იმან გადარია, რომ მისი კოლეგა მაურიციო სარის თანაშემწე, მარკო იანი, როს ბარკლის გატანილ გოლს მის წინ მდგომი აღნიშნავდა და არც უხამს მოძრაობას ერიდებოდა.

„ჩელსის“ ქომაგები შეურაცხმყოფელ სიტყვებს უყვიროდნენ პორტუგალიელს. სეუ ჟოაუმ კი სამი თითი უჩვენა მათ და მერე მჯიღი გულზე დაიკრა. ეს ნიშნავდა - რას მემართლებით, სამჯერ გავხადე „ჩელსი“ ჩემპიონიო.

ერთხანს ჩოჩქოლი გასახდელის შესასვლელთან გაგრძელდა, თუმცა გართულება აღარ მოჰყოლია. პრესკონფერენციაზე „განსაკუთრებულმა“ თქვა: ჩემი ბრალი არ იყო. ეს სარის ასისტენტი მოიქცა უღირსად. მაგრამ, სარიმ განმუხტა ვითარება. ორივემ ბოდიში მომიხადა და მე ის მივიღე. მორჩა, ჩემთვის ეს ისტორია დამთავრებულია...

მაურიციო სარი: „ფანტასტიკური მატჩი გამოდგა. პირველი ტაიმი ტაქტიკის თვალსაზრისით ჩინებული იყო. მეორეში კი მეტი ფიზიკური ბრძოლა გაჩაღდა. ეს ჩვენი სტილი არ არის. ბოლო ნახევარი საათით უკმაყოფილო ვარ. დავამატებ, რომ ჩვენი ფეხბურთი 90 წუთის განმავლობაში არ გვითმაშია.

მოურინიუს ქცევა? გულწრფელად გეტყვით, ეპიზოდი არ დამინახავს. მაგრამ, ველაპარაკე მას. ჩვენ არ ვიყავით მართლები. ყველაფერი მოგვარდა.“ - გადმოგვცემს სარის სიტყვებს BBC.

ოთხი უხეირო თამაშის შემდეგ (ყველა ტურნირზე), „მანჩესტერმა“ ბოლო ორ შეხვედრაში გულშემატკივრებს განწყობა ცოტა გამოუკეთა. წინა ტურში ხომ „ნიუკასლთან“ 0:2-დან ჩინებული „დაბრუნება“ გამოუვიდა და 3:2 მოიგო. ამჯერადაც დაახლოებით მსგავსი რამ ხდებოდა. ეგ არის, ბოლო წამებზე მოადუნეს ყურადღება და დაისაჯნენ. არადა, მატჩი თითქმის 100 წუთს გაგძელდა.

თამაში კი მართლაც არაერთგვაროვანი გამოდგა. პირველ ტაიმში „არისტოკრატები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და ანტონიო რუდიგერის გოლით იგებდნდნ კიდეც. მაგრამ შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა. სტუმრები უფრო გააზრებულად ათამაშდნენ და ანტონი მარსიალის დუბლის წყალობით, ანგარიშში დაწინაურდნენ. მაგრამ...

96-ე წუთი მიმდინარეობდა, მასპინძლები ბოლო შანსს ეძებდნენ ქულის გადასარჩენად. რამდენჯერმე დაარტყეს ახლოდან, დე ხეა აქეთ-იქით ხტებოდა და იგერიებდა. მაგრამ, ბოლოს ძელიდან ასხლეტილ ბურთზე ბარკლიმ დაასწრო, გაიტანა და ამ ეპიზოდს მოჰყვა მერე მთელი აურზაური.

სხვათა შორის, სარი პირველი მწვრთნელი გახდა „ჩელსის“ ისტორიაში, რომელიც საწყის 9 ტურში არ დამარცხებულა.

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში კუნ აგუერომ გახსნა. ეს არგენტინელის 149-ე გოლი აღმოჩნდა პრემიერლიგაში. ამისდაკვალად, უეინ რუნისა და ტიერი ანრის შემდეგ, აგუერო მესამე ადგილზე დადგა ინგლისის მთავარი ლიგის მეგოლეთა შორის.

„ტოტენჰემმა“ ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემს“ მინიმალური ანგარიშით, ერიკ ლამელას გოლით მოუგო და ქულებით „ჩელსის“ გაუთანაბრდა.

„ლივერპულმა“ კი „ჰადერსფილდთან“ „სამუშაო“ გამარჯვება მოიპოვა ტრავმირებული სადიო მანეს გარეშე და „სიტის“ არ ჩამორჩა. „ქალაქელებს“ ახლა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო უჭირავთ პირველი ადგილი.

მე-9 ტურს კვირას, „ევერტონ“ – „კრისტალ პალასისა“ და „არსენალ“ – „ლესტერის“ შეხვედრები დაამთავრებს.

ინგლისის პრემიერლიგა

მე-9 ტური. 19 ოქტომბერი

ჩელსი - მანჩესტერი 2:2

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 721

1:0 რუდიგერი (21), 1:1, 1:2 მარსიალი (55, 73), 2:2 ბარკლი (90+6)

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 69), ჟორჟინიო, კანტე, ვილიანი (პედრო 73), აზარი, მორატა (ჟირუ 79)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ, მატა (ერერა 75), მატიჩი, პოგბა, ლუკაკუ, მარსიალი (პერეირა 84), რაშფორდი (სანჩესი 85)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: რუდიგერი (30), აზარი (34); მატიჩი (13), იანგი (27), მატა (67), სანჩესი (90+4), პერეირა (90+5)

ბორნმუთი - საუთჰემპტონი 0:0

კარდიფი - ფულემი 4:2

0:1 შურლე (11), 1:1 მერფი (15), 2:1 რიდი (20), 2:2 სესენონი (34), 3:2 პატერსონი (65), 4:2 გჰარისი (87)

სიტი - ბარნლი 5:0

1:0 აგუერო (17), 2:0 ბერნარდო სილვა (54), 3:0 ფერნანდინიო (56), 4:0 მაჰრეზი (83), 5:0 სანე (90)

ნიუკასლი - ბრაიტონი 0:1

0:1 კაიალი (29)

ვესტ ჰემი - ტოტენჰემი 0:1

0:1 ლამელა (44)

ვულვერჰემპტონი - უოტფორდი 0:2

0:1 კაპუე (20), 0:2 პერეირა (21)

ჰადერსფილდი - ლივერპული 0:1

0:1 სალაჰი (24)

0.154767