ძიუდო

1:33 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) ბაჰამის კუნძულებზე დაწყებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო თურქი სამეტ კუმტასი, რომელსაც სეკუნდანტად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ირაკლი უზნაძე ეჯდა.
პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკელ ენტონი ბრეტთან შერკინებით ჩაერთო, რომელსაც ჯერ ვაზარი აჰკიდა, შემდეგ კი მე-3 შიდო მიაღებინა.
ჯაბამ იგივე დამართა არგენტინელ კარლოს მალდონადოსაც (თუმცა, ამ შემთხვევაში ვაზარით აგებდა), აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი დამატებით დროში დააიპონა, რუმინელ ლუჩიან ბორს დუმიტრესკუს კი საქმე წუთზე ოდნავ მეტ დროში მოუთავა.
ქართველი ძიუდოისტის წარმატებული სვლა ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა - იაპონელმა გენკი კოგამ იპონით შეაჩერა, ბრინჯაოს შეხვედრაზე კი თავშივე მოგახსენეთ.
ამავე წონაში ძალები თემურ ნოზაძემაც სცადა და საწყის ორთაბრძოლაში კოლუმბიელი კრისტიან იბარბო დააიპონა, შემდეგ კი, მომავალ მესამეადგილოსან ბრაზილიელ რენან ტორესთან მარათონული შერკინება (ბრძოლა რვა წუთამდე გაგრძელდა) მე-3 გაფრთხილების გამო დათმო.
55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვანო ხუბაშვილი პირველივე რაუნდში მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ – იაპონელ ჰაიატე ჰანდას გადაეყარა და იპონით დამარცხდა.
ტურნირის სასტარტო დღეს მსოფლიო პირველობაში საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ნატალია ყიფშიძეც (48 კგ.) ჩაერთო, რომელმაც საწყის წრეში, “გოლდენ სქორში”, ყაზახ აკმარალ ნაუატბეკთან იპონით წააგო.
დღეს, ტატამზე კიდევ ორ ქართველი ძიუდოისტს ვიხილავთ. ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) პირველ რაუნდში ბრაზილიელ ვილიან ლიმას გაეჯიბრება, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ძალებს ხორვატ ტიჰეა ტოპოლოვეცთან მოსინჯავს.

მსოფლიოს 2018 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, ნასაუ (ბაჰამის კ-ბი)
ვაჟები
55 კგ.
1. როვშან ალიევი (აზერბაიჯანი)
2. ბალაბაი აღაიევი (აზერბაიჯანი)
3. იმამ იბრაგიმოვი (რუსეთი)
3. ჰაიატე ჰანდა (იაპონია)

60 კგ.
1. გენკი კოგა (იაპონია)
2. სეიშირო კონიში (იაპონია)
3. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო)
3. რენან ტორესი (ბრაზილია)

გოგონები
44 კგ.
1. ჩიჰირო ტოდოკორო (იაპონია)
2. ოუმაიმა ბედიოუი (ტუნისი)
3. ამანდა არაესი (ბრაზილია)
3. ლუის პეტი (ბელგია)

48 კგ.
1. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
2. სანა იოშიდა (იაპონია)
3. ანდრეა სტოიადინოვი (სერბეთი)
3. ლაურა მარტინეს აბელენდა (ესპანეთი)

0.115414