სხვა

12:15 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს

ქართველმა სპორტსმენებმა მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს. 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი - ასეთია ჩვენი გუნდის არგენტინული მონაგარი.

16 ოქტომბერს, ოლიმპიადის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს 3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ არგენტინას დაუპირისპირდა, 12:21 დამარცხდა და ტურნირს ამ ეტაპზე გამოეთიშა.

მრავალრიცხოვან გულშემატკივართა აქტიური მხარდაჭერით გამხნევებული მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხუან ესტებან ფუენტე, რომელმაც 14 ქულა აიღო და დიდწილად სწორედ მისმა ოსტატობამ განსაზღვრა შეხვედრის საბოლოო შედეგი. ქართველთაგან ყველაზე მეტი - 4 ქულა მოაგროვა ოთარ პერტაიამ, 3-3 ქულა - ლუკა მაზიაშვილმა და ზურაბ ჟღენტმა, 2 ქულა - ლაშა მიქელაძემ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ სათამაშო სახეობაში ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ დებუტი წარმატებული გამოდგა. მიუხედავად საკალათბურთო ტურნირის სტარტზე მომხდარი დასანანი ინციდენტისა (ჩვენმა გუნდმა 9 ოქტომბერს სლოვენიასთან პირველ მატჩზე რამდენიმე წუთით დააგვიანა და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა), ქართველებმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ჯგუფური ბარიერი წარმატებით დაძლიეს, საბოლოოდ კი 20 გუნდს შორის მე-8 ადგილი დაიკავეს.

თანამედროვე ხუთჭიდელთა ინდივიდუალური პირველობის შემდეგ, სააერთაშორისო შერეული გუნდის შემადგენლობაში გამოვიდა გაგა ხიჯაკაძე. მან უნგრელ მიშელე ჯულიასთან ერთად მე-12 ადგილი დაიკავა.

www.geonoc.org.ge

0.122829